დონალდ ტრამპის ხედვა, დაიცვას ამერიკის ეკონომიკა ტარიფებით, სათავეს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებში იღებს. თუმცა, მაშინდელი სტრატეგიული სამიზნე, დღევანდელობისგან განსხვავებით, იაპონია იყო და არა ჩინეთი.
დღეს, ამ პროტექციონისტული პოლიტიკის აქტუალიზაცია სრულიად განსხვავებულ გლობალურ კონტექსტში ხდება. მოშლილი მიწოდების ჯაჭვების, დასუსტებული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მზარდი შიდა სოციალურ-ეკონომიკური პოლარიზაციის ფონზე, ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედად აგრესიული ტარიფები და ზეწოლის სავალუტო ინსტრუმენტები მოიაზრება.
შეერთებულ შტატებს ათწლეულების განმავლობაში ქრონიკული სავაჭრო დეფიციტი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი ღირებულების პროდუქცია შემოაქვს, ვიდრე გააქვს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამ პრობლემაზე გაცემული პოლიტიკური პასუხის რეალური მასშტაბი ბევრად სცილდება უშუალოდ დეფიციტის აღმოფხვრას. სინამდვილეში, ეს პოლიტიკა ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ გლობალიზაციის წესებს და წარმოადგენს მცდელობას, რომ ამერიკამ თავისი ეკონომიკური ჰეგემონია ახალი, უფრო მკაცრი და პირდაპირი მეთოდებით გაიმყაროს.
წინამდებარე სტატია მოკლედ მიმოიხილავს ტრამპის პოლიტიკის მექანიზმებს და მიზნებს. ასევე, წარმოგიდგენთ პირველად ანალიტიკურ შეფასებებს იმის შესახებ, თუ ვინ არიან ამ სტრატეგიის საბოლოო ბენეფიციარები და ვინ - დაზარალებულები.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის არსის გასააზრებლად, უპირველესად, აუცილებელია იმის გაანალიზება, თუ როგორ გარდაქმნა გლობალიზაციამ ამერიკის კლასობრივი სტრუქტურა ბოლო ორომოცი წლის განმავლობაში.
გლობალიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო აშშ-ის ეკონომიკის მკვეთრ პოლარიზაციას და საზოგადოება ორ, ერთმანეთისგან გამიჯნულ ჯგუფად დაყო. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ „ინსაიდერები“ — მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, ინვესტორები და ცოდნაზე დაფუძნებულ სექტორებში დასაქმებულები, რომლებიც გლობალიზაციის მთავარი ბენეფიციარები გახდნენ. მეორე მხარეს კი დარჩნენ „აუთსაიდერები“ — ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლის, ავეჯის და ფოლადის მრეწველობაში დასაქმებულები, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა და სამუშაო ადგილები დეინდუსტრიალიზაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა.
სწორედ ეს უკანასკნელი, ეკონომიკურად დაზარალებული ჯგუფი წარმოადგენს ტრამპის ამომრჩეველთა პოლიტიკურ ბაზას. გლობალიზაციასა და მის არქიტექტორებზე თავდასხმით, ტრამპი მათ ეროვნული ეკონომიკის აღორძინების ნარატივს სთავაზობს, რომელიც პროტექციონისტულ პოლიტიკას ეფუძნება. თუმცა, მისი სტრატეგია — ტარიფები და დოლარის გაუფასურების მცდელობები — ბევრად სცილდება სამუშაო ადგილების დაბრუნების ამოცანას. ეს არის გლობალური სისტემის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის მცდელობა, ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.
ამ მიდგომის ლოგიკა ტრამპის ცენტრალურ თეზისს ეყრდნობა: შეერთებულმა შტატებმა გლობალიზაციის ლიბერალური წესებით — რომლებიც ეფუძნება თავისუფალ ვაჭრობას, დაბალ ტარიფებს და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას — სტრატეგიულად წააგო, განსაკუთრებით ჩინეთთან მიმართებით. შესაბამისად, დადგა დრო, რომ ეს წესები ამერიკის სასარგებლოდ გადაიწეროს. ამ ახალ პარადიგმაში, სავაჭრო და სავალუტო პოლიტიკა აღარ განიხილება როგორც ეკონომიკური დიპლომატიის ერთ-ერთი კომპონენტი, არამედ ის პირდაპირი დაპირისპირების ცენტრალურ და ყველაზე აშკარა იარაღად გადაიქცა.
ჩვენი კომენტარი:
ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ამერიკელი მშრომელთა კლასის ინტერესებს იცავს. თუმცა, რეალურად, მისი ეკონომიკური პოლიტიკა პოპულისტური და პოლიტიკური ოპორტუნიზმით მოტივირებული სტრატეგიაა, რომელიც პატრიოტული რიტორიკის ფონზე, დიდწილად კვლავ იმავე ნეოლიბერალურ დღის წესრიგს აძლიერებს (მაგ. კორპორაციებისთვის გადასახადების მასშტაბური შემცირება და რეგულაციების შესუსტება), რომელმაც დაამძიმა მშრომელთა კლასის ყოფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
ტრამპის ეკონომიკური არსენალი: ტარიფებიდან სავალუტო ზეწოლამდე
პრეზიდენტობის პირველ ვადაში (2017-2021), „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სტრატეგიის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი სავაჭრო და სავალუტო პოლიტიკა აამოქმედა. სავაჭრო აქტის 301-ე მუხლზე დაყრდნობით, მან ჩინეთი ინტელექტუალური საკუთრების ქურდობასა და ტექნოლოგიების იძულებით მითვისებაში დაადანაშაულა, რის საფუძველზეც 360 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტს ტარიფები დაუწესა. ამავე პერიოდში, ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით, მან 232-ე მუხლი გამოიყენა და ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფი დააწესა, რამაც არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ ევროკავშირისა და კანადის მსგავსი ტრადიციული მოკავშირეებიც დააზარალა. ამავდროულად, NAFTA-ს ნაცვლად ამოქმედდა აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება (USMCA), რომელიც ამერიკის ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მეორე ვადის განმავლობაში (2025 წლიდან), ტრამპმა პროტექციონისტული კურსი კიდევ უფრო გაამკაცრა. საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტის (IEEPA) საფუძველზე, მან 10%-იანი უნივერსალური საბაზისო ტარიფი დააწესა თითქმის ყველა იმპორტირებულ საქონელზე. ამასთან, მან აამოქმედა ე.წ. „სარკისებრი ტარიფების“ დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი ქვეყნისთვის იდენტური ტარიფის დაწესებას, რასაც მოცემული ქვეყანა უწესებს ამერიკულ პროდუქციას. ჩინეთის, კანადისა და მექსიკისთვის კი კიდევ უფრო მაღალი, დამატებითი განაკვეთები ამოქმედდა. ამასთან, ტრამპმა აღადგინა და გააფართოვა 232-ე მუხლის ტარიფები: ფოლადსა და ალუმინზე ჯერ 25%-იანი გადასახადი დააბრუნა, მოგვიანებით კი ის 50%-მდე გაზარდა.
მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, ორივე ვადის განმავლობაში, მისი სტრატეგია უცვლელი რჩებოდა: მუდმივი ზეწოლა ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე დოლარის შესასუსტებლად და ამ გზით აშშ-ის ქრონიკული სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად. დაბალი საპროცენტო განაკვეთები სრულად შეესაბამება ტრამპის ეკონომიკურ მიზნებს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის შერბილება ზრდის დოლარის მიწოდებას, რაც მის კურსს სხვა ვალუტებთან მიმართებით ასუსტებს. გაუფასურებული დოლარი კი ამერიკულ ექსპორტს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.
ამ პოლიტიკების ერთობლიობას, საბოლოო ჯამში, ორმაგი მიზანი გააჩნია:
- გლობალური სტრატეგიული და სამრეწველო უპირატესობის აღდგენა, განსაკუთრებით ისეთ ფუნდამენტურ სექტორებში, როგორიცაა წარმოება და თავდაცვა.
- ხელშესახები ეკონომიკური შედეგების მოტანა აშშ-ის მუშათა კლასისთვის, განსაკუთრებით ისტორიულად დეინდუსტრიალიზებულ რეგიონებში, როგორიც არის, მაგალითად, ე.წ ჟანგის სარტყელი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
სამი ხედვა, სამი რეალობა: როგორ აფასებენ ტრამპის პოლიტიკას?
- მემარჯვენე-ცენტრისტული ხედვა: ტარიფები, როგორც ეკონომიკური თვითდაზიანება
Tax Foundation ტრამპის სატარიფო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამერიკული ანალიტიკური ცენტრია. მათი ზოგადი დასკვნით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ ტარიფებს აშშ-ის ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფითი გავლენა აქვს. ორგანიზაცია აღიარებს, რომ ტარიფებმა, შესაძლოა, დროებით დაიცვას ცალკეული ინდუსტრიები, თუმცა ამტკიცებს, რომ მთლიანი ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი — გაზრდილი ფასები მომხმარებლებისთვის, გაზრდილი ხარჯები ბიზნესისთვის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შენელება — მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერ დროებით სარგებელს.
Tax Foundation-ის შეფასების მიხედვით, ტრამპის ტარიფები, განსაკუთრებით 232-ე მუხლით დაწესებულ ფოლადსა და ალუმინზე, და 350 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ჩინურ საქონელზე, ფუნდამენტურად მცდარი სტრატეგიაა. საქმე იმაშია, რომ ეს პოლიტიკა არა უცხო ქვეყნების, არამედ ამერიკელი იმპორტიორების პირდაპირ დაბეგვრას ნიშნავს. ეს დამატებითი ხარჯები, თავის მხრივ, მომხმარებლებზე გადადის გაზრდილი ფასების სახით, ხოლო ადგილობრივ კომპანიებზე — გაზრდილი ხარჯების სახით, რაც საბოლოოდ მათ კონკურენტუნარიანობას აზიანებს. შესაბამისად, მათი შეფასებით ტარიფები ერთგვარ „ეკონომიკურ თვითდაზიანებას“ წარმოადგენს.
ფონდის თანახმად, ამ პოლიტიკის გრძელვადიანი შედეგი ეკონომიკის შენელებაა: მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.21%-იანი კლება, რეალური ხელფასების 0.14%-იანი შემცირება და 166,000 სამუშაო ადგილის განადგურება. ამ ზიანს კიდევ უფრო აღრმავებს სხვა ქვეყნების მხრიდან საპასუხო ტარიფები, რომლებიც ამერიკულ ექსპორტს, განსაკუთრებით კი სასოფლო სამეურნეო პროდუქციას დაუწესდა. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ Tax Foundation-ის ეს დასკვნა, როგორც მემარჯვენე-ცენტრისტული, თავისუფალი ბაზრის პრინციპების მხარდამჭერი ორგანიზაციის, იდეოლოგიური პოზიციიდან გამომდინარეობს. მათ შეფასებებში პრიორიტეტი ენიჭება მშპ-ს და თავისუფალ ვაჭრობას, შესაბამისად, ტარიფები აღიქმება როგორც მომხმარებლის დამატებითი გადასახადი.
- მემარცხენე-ცენტრისტული ხედვა: აუცილებელი, მაგრამ ხარვეზიანი პასუხი „ჩინურ შოკზე“
თუ Tax Foundation-ი ტრამპის ტარიფებს ამერიკელი მომხმარებლისთვის დაწესებულ მავნე გადასახადად მიიჩნევს, მემარცხენე-ცენტრისტული ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი (EPI) სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს. მათი შეფასებით, ტარიფები წარმოადგენს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სთვის მიყენებულ ეკონომიკურ ზარალზე გაცემული აუცილებელ, თუმცა ხარვეზიან პასუხს. EPI-ს ანალიზი ეფუძნება ე.წ. „ჩინური შოკის“ პერიოდს, რომელიც 2001 წელს ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ დაიწყო. ინსტიტუტის მტკიცებით, ამ პროცესმა უარყოფითი გავლენა იქონია ამერიკელ მშრომელთა კლასზე. იაფი ჩინური საქონლის მასობრივმა შემოდინებამ, განსაკუთრებით ტექსტილის, ელექტრონიკისა და მსუბუქი მრეწველობის სფეროებში, შეამცირა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა, გამოიწვია მილიონობით სამრეწველო სამუშაო ადგილის განადგურება და მნიშვნელოვნად შეაფერხა ხელფასების ზრდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ დარგებში იყვნენ დასაქმებულნი. EPI მიიჩნევს, რომ ამერიკის ეკონომიკისთვის რეალური, ფარული „გადასახადი“ არა ტარიფები, არამედ ის უმოქმედობა იყო, რომელიც მათ შემოღებამდე ორი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელმაც ქვეყნის ინდუსტრიული ბირთვი გამოფიტა.
ამ პერსპექტივიდან, EPI ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას აფასებს არა იმ კრიტერიუმით, შეამცირა თუ არა მან სამომხმარებლო ფასები, არამედ იმაზე აქცენტით, თუ რამდენად წარმატებით დაიცვა მან ამერიკული სამუშაო ადგილები და მრეწველობა. ინსტიტუტის დასკვნა არაერთგვაროვანია: ისინი აღიარებენ, რომ ტარიფებმა გარკვეულწილად დადებითი გავლენა იქონია ცალკეულ ეკონომიკურ სექტორებზე, მაგ. ფოლადის წარმოებაზე, თუმცა მიიჩნევენ, რომ მათი სტრატეგიული გამოყენება სრული მარცხი იყო. EPI-სთვის პრობლემა არა ტარიფების გამოყენებას, არამედ მათ სხვა პოლიტიკებისგან იზოლირებას უკავშირდება. ისინი ამტკიცებენ, რომ სავაჭრო ბარიერების დაწესება არაეფექტიანია თანმდევი ძლიერი შიდა ინდუსტრიული პოლიტიკის გარეშე, რომელიც მოიცავს მასშტაბურ ინვესტიციებს კვლევასა და განვითარებაში (R&D), ისევე როგორც ინფრასტრუქტურასა და მუშახელის გადამზადებაში.
სწორედ აქ იკვეთება ფუნდამენტური განსხვავება Tax Foundation-ის ანალიზისგან: მაშინ, როდესაც პირველი ეკონომიკური ზიანის წყაროდ უშუალოდ ტარიფებს ასახელებს, EPI-სთვის ნამდვილი ზიანი უფრო ფართო, ყოვლისმომცველი ინდუსტრიული პოლიტიკის არარსებობაა. მათი საბოლოო ვერდიქტით, ჩინეთთან ეკონომიკური დაპირისპირება გარდაუვალი და აუცილებელი იყო, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ გაურკვეველ სავაჭრო ზომებს იყენებებს, მაშინ როდესაც ქვეყანას კომპლექსური, ეროვნული ეკონომიკური განვითარების სტრატეგია სჭირდება.
- მემარცხენე ხედვა: ტარიფები, როგორც მთავარი პრობლემისგან ყურადღების გადატანა
დებატების ჩარჩოს რადიკალურად ცვლის ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრი (CEPR), რომელიც ამტკიცებს, რომ ტარიფებზე პოლიტიკური ფიქსაცია, ამერიკის ეკონომიკური პრობლემების რეალური, სტრუქტურული მიზეზებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა. CEPR-ის შეფასებით, ტრამპის ტარიფები არაეფექტიანი პოლიტიკაა, რომელიც მიმართულია სიმპტომზე და არა დაავადების პირველწყაროზე. ინსტიტუტის დასკვნით, ნამდვილი პრობლემა დოლარის ქრონიკულად და ხელოვნურად შენარჩუნებლ მაღალ კურსს უკავშირდება. ეს კურსი, ფაქტობრივად, მუდმივი გადასახადით ბეგრავს ამერიკულ ექსპორტს და ასუბსიდირებს იმპორტს, რაც აშშ-ის მრეწველობას სტრუქტურულად არაკონკურენტუნარიანს ხდის. ამასთან, CEPR-ი ამტკიცებს, რომ „თავისუფალი ვაჭრობის“ კონცეფცია ფუნდამენტურად თვალთმაქცურად დაინერგა, რადგან ყოველთვის შენარჩუნებული იყო პროტექციონიზმი მაღალანაზღაურებად პროფესიულ დარგებში (მაგალითად, მედიცინა, სამართალი, ინჟინერია, თავდაცვა), მაშინ, როდესაც სამრეწველო სექტორის მუშახელი მსოფლიოს ყველაზე დაბალანაზღაურებად მუშახელთან პირდაპირი კონკურენციისთვის გაწირეს.
შესაბამისად, CEPR-ი ტარიფებს არა უბრალოდ მეორეხარისხოვან, არამედ ყურადღების გადამტან ფაქტორად აფასებს. Tax Foundation-ისგან განსხვავებით, რომელიც ტარიფებს ეკონომიკური ზიანის უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს, CEPR-ი მათ გავლენას უმნიშვნელოდ თვლის იმ მასიურ, ყოველდღიურ ზარალთან შედარებით, რომელსაც ხელოვნურად გაძლიერებული დოლარი იწვევს. და განსხვავებით EPI-სგან, რომელიც ტარიფებს ჩინეთის კონკრეტული ქმედებების წინააღმდეგ მიმართულ ლეგიტიმურ ინსტრუმენტად განიხილავს, CEPR-ი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ჩინეთზე ფოკუსირება პრობლემის არასწორი დიაგნოზია. ისინი მიიჩნევენ, რომ პრობლემას მხოლოდ უცხოელი კონკურენტები კი არ ქმნიან, არამედ ის შიდა ნეოლიბერალური პოლიტ-ეკონომიური კურსი, რომელიც სამრეწველო სექტორის შემცირების ხარჯზე ანიჭებს ფინანსურ სფეროს უპირატესობას.
ამრიგად, CEPR ასკვნის, რომ ტარიფები ხმაურიანი პოლიტიკური თეატრია, რომელმაც გადაფარა დისკუსია ეკონომიკური უთანასწორობის ისეთ რეალურ ბერკეტებზე, როგორებიცაა ეროვნული ვალუტის კურსის მართვა და შერჩევითი გლობალიზაციის მანიპულაციური სისტემის დემონტაჟი.
შეჯამება
დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება აკადემიური დებატების ფარგლებს სცილდება და პოლიტიკური რეალობის ნაწილი ხდება. მისი სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, იყო პასუხი გლობალიზაციის შედეგად დაზარალებული ამომრჩევლის იმედგაცრუებაზე. ტარიფები, მიუხედავად მათი სადავო ეკონომიკური შედეგებისა, იქცა ძლიერ პოლიტიკურ სიმბოლოდ, იმის საჩვენებლად, რომ ვიღაც, ბოლოს და ბოლოს, ისმენდა მათ ხმას.
თუმცა, სწორედ აქ იკვეთება ტრამპის პოლიტიკის მთავარი პარადოქსი. მაშინ, როდესაც საგარეო ფრონტზე ტრამპი თითქოსდა მუშათა კლასის ინტერესებს იცავს პროტექციონისტული რიტორიკით, მისი შიდა ეკონომიკური პოლიტიკა — კორპორაციებისთვის გადასახადების მასშტაბური შემცირება და რეგულაციების შესუსტება — იმავე ნეოლიბერალურ ლოგიკას ეფუძნება, რომელმაც ისტორიულად სწორედ ამ ამომრჩევლის მდგომარეობა დაამძიმა.
ამიტომ, ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მშპ-ს მაჩვენებლით, არამედ როგორც პოპულისტური სტრატეგიის კლასიკური მაგალითი. მან წარმატებით გამოიყენა ეკონომიკური ნაციონალიზმი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის, თუმცა რეალურად, მისი პოლიტიკის სტრუქტურული საფუძვლები კვლავ იმ ეკონომიკური ელიტების ინტერესებს ემსახურებოდა, რომლებსაც ის საჯაროდ აკრიტიკებდა. შესაძლოა, მისი ტარიფები არ იყოს საუკეთესო წამალი ამერიკის ეკონომიკური დაავადებებისთვის, მაგრამ ის უდავოდ ყველაზე ეფექტიანი პოლიტიკური რეცეპტი აღმოჩნდა მილიონობით ამომრჩევლის გულის მოსაგებად და, ამავდროულად, შიდა ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური სტრუქტურის ხელუხლებლად შესანარჩუნებლად.

