პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ფისკალური პოლიტიკა: საერთაშორისო გამოცდილება
ივლისი 5, 2024

ეკონომიკური რყევების და კრიზისების დროს, ფისკალური პოლიტიკის გამოყენებით მთავრობებს შეუძლიათ გააუმჯობესონ, ან გააუარესონ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

ისტორიულად, ზოგიერთმა მთავრობამ, სწორ დროს სწორი ფისკალური პოლიტიკა გაატარა, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ გაჯანსაღებას. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობებმა არასწორ ფისკალურ პოლიტიკას მიმართეს და ქვეყანა უფრო მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენეს.

 

სტატიაში, ფისკალური პოლიტიკის რამდენიმე წარმატებულ და წარუმატებელ შემთხვევას განვიხილავთ. ამით წარმოდგენა შეგვექმნება იმის შესახებ, თუ როგორ ეკონომიკურ კონტექსტში, როგორი სახის ფისკალური სტრატეგია მუშაობს და როგორი − არა.

უფრო დეტალურად იხილეთ: ფისკალური პოლიტიკის არსი და დანიშნულება

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

წარსულში, სწორად და ეფექტურად დაგეგმილი ფისკალური სტრატეგიების მაგალითები გვაძლევს ცოდნას, რომელიც შეიძლება გამოსადეგი იყოს დღესაც სხვადასხვა ეკონომიკისთვის. ამასთანავე, წარუმატებელი შემთხვევების ცოდნა დაგვეხმარება მოსალოდნელი კრიზისებისგან თავის დაცვაში.

ჩვენი კომენტარი:

ეკონომიკური კრიზისის ან რეცესიის დროს, ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა აუცილებელია ეკონომიკის სტიმულირებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.

ბუმის დროს, ფისკალური პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სამომავლო რეცესიებისთვის მომზადებას, სახელმწიფო ვალის შემცირებას და ისეთი ავტომატური სტაბილიზატორების დანერგვას, როგორიცაა პროგრესული საგადასახადო სისტემა და უმუშევრობის დაზღვევა.

რა უნდა ვიცოდეთ ავტომატური სტაბილიზატორების შესახებ?

პროგრესული გადასახადები დაბეგვრის სისტემაა, სადაც საგადასახადო განაკვეთი იზრდება შემოსავლების მატებასთან ერთად.

ეკონომიკური ბუმების დროს მზარდია კომპანიების შემოსავალი. შესაბამისად, პროგრესული გადასახადების პირობებში, ერთი მხრივ, ავტომატურად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავალი, ხოლო მეორე მხრივ, ავტომატურად შემცირდება ინფლაცია. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ გაზრდილი გადასახადების პირობებში, მოსახლეობა ნაკლებს ხარჯავს.

უმუშევრობის დაზღვევას/შემწეობას რაც შეეხება, ესაა სახელმწიფოს  ფულადი დახმარება იმ პირებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და ახალს ეძებენ.

მაგალითად, რეცესიის დროს, უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობა შესაძლებლობას აძლევს კრიზისით დაზარალებულ უმუშევრებს, რომ მოხმარების ის დონე შეინარჩუნონ, რაც კრიზისამდე ჰქონდათ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას.

მსგავსი ფისკალური სტრატეგია, გარდა იმისა, რომ შემოსავლებს უფრო თანაბრად და სამართლიანად ანაწილებს მოსახლეობაში, ასევე, აძლიერებს და ეხმარება ეკონომიკას გაუთვალისწინებელი შოკებისას.

როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

  1. გერმანია

ითვლება, რომ გერმანიამ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ფისკალური პოლიტიკა გაატარა COVID 19-ის კრიზისის წინააღმდეგ. როგორ მოახერხა ეს?

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანია კარგად არის შეიარაღებული ავტომატური სტაბილიზატორებით. მაგალითად, "Kurzarbeit" (არასრული მუშაობის პროგრამა) საშუალებას აძლევს დამსაქმებელს, რომ შეამციროს სამუშაო საათები, ხოლო მთავრობა უნაზღაურებს მშრომელებს დაკარგულ შემოსავალს. ეს სისტემა განსაკუთრებით ეფექტური იყო პანდემიის დროს.

ამასთან, გერმანიამ განახორციელა €130 მილიარდი ევროს ფისკალური სტიმული, რომელიც კრიზისის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, მცირე და საშუალო ბიზნესს (SMEs), და საჯარო ინვესტიციებს მოხმარდა.

მსგავსი აგრესიული ფისკალური პოლიტიკა, შესაძლებელი გახადა იმან, რომ კრიზისამდე გერმანიას ჰქონდა საბიუჯეტო პროფიციტი და მცირე სახელმწიფო ვალი.

  1. საბერძნეთი

2008 წლის ფინანსურ კრიზისს, საბერძნეთმა თავდაპირველად ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკით (ხარჯების ზრდით) უპასუხა. თუმცა, იმის გამო, რომ კრიზისამდე ქვეყანას მზარდი ვალი და საბიუჯეტო დეფიციტები ჰქონდა, მომდევნო წლებში სტიმულის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და საბერძნეთი სუვერენული ვალის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

2010 წელს, საბერძნეთმა დახმარების პირველი პაკეტი მიიღო სესხის სახით ევროკავშირისგან და სავალუტო ფონდისგან, ამჯერად უკვე გარკვეული დათქმებით, კერძოდ, საბიუჯეტო ხარჯების შემცირების (ქამრების შემოჭერის) სანაცვლოდ, რაც უფრო ზუსტად საჯარო სამსახურების ხელფასების, სოციალური დახმარების პროგრამების და პენსიების შემცირებას გულისხმობდა. მართალია, საბერძნეთი ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა დახმარების პაკეტებს იღებდა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი საგარეო ვალის მომსახურებაზე იხარჯებოდა.

საბოლოოდ, საბერძნეთის მთავრობის მიერ არასწორი ფისკალური მენეჯმენტით გამოწვეული მძიმე შედეგები ყველაზე დაბალშემოსავლიანმა მოსახლეობამ იწვნია. ცნობილმა ეკონომისტმა, თომას პიკეტიმ, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის შედეგები შემდეგნაირად შეაფასა: “საბერძნეთში ქამრების შემოჭერის პოლიტიკა იყო სოციალურად არასამართლიანი, რამაც გაზარდა უთანასწორობა და ძირი გამოუთხარა საზოგადოებრივ ერთიანობას, ამასთან, ვერ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა.”

  1. საფრანგეთი

1979 წლის კრიზისზე საპასუხოდ, საფრანგეთის მთავრობამ განახორციელა ფისკალური სტიმული, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას და გადასახადების შემცირებას გულისხმობდა. პოლიტიკას თავდაპირველად დადებითი ეფექტი ჰქონდა. 1982 წელს, საფრაგეთში 2.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა მომდევნო წელს 1.2%-მდე დაეცა. რატომ?

საფრანგეთის ეკონომიკა დამოკიდებული იყო იმპორტზე, განსაკუთრებით, გერმანიიდან შემოტანილ საქონელზე. შესაბამისად, საფრანგეთის ფისკალური სტიმულით გამოთავისუფლებული თანხები გერმანული საქონლის შეძენას მოხმარდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საფრანგეთში იმპორტი და გერმანიაში ექსპორტი. ამის გამო, 1983 წელს, გერმანიაში საფრანგეთზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და თან საფრანგეთმა საბიუჯეტო დეფიციტით, ხოლო გერმანიამ პროფიციტით დახურა წელი.

ეს მაგალითი გვასწავლის, რომ ფისკალური სტიმულის დროს გასათვალისწინებელია ქვეყნის სავაჭრო პოზიცია და ეკონომიკის სტრუქტურა. საფრანგეთში ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებით  გერმანულმა ეკონომიკამ უფრო იხეირა, ვიდრე ფრანგულმა, რადგან გამოთავისუფლებული თანხების დიდი ნაწილი სწორედ გერმანული პროდუქციის შეძენაზე დაიხარჯა.

საბოლოო ჯამში

ფისკალური პოლიტიკის სწორად გამოყენება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამა თუ იმ ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად. ეკონომიკური რეცესიის დროს მნიშვნელოვანია არ შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯვა, ხელფასები და პენსიები, რადგან ეს უარყოფითად აისახება მოსახლეობის შემოსავალზე, მათ საერთო მოთხოვნაზე და ზოგადად, ეკონომიკის ზრდაზე. ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ, შესაძლოა, კრიზისში მყოფი ეკონომიკა კიდევ უფრო უარეს კრიზისში ჩააგდოს. თუმცა, გლობალური გამოცდილება იმასაც გვაჩვენებს, რომ ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დროს აუცილებელია ადგილობრივი ეკონომიკის სტრუქტურის და სავაჭრო პოზიციების გათვალისწინება, რათა ფისკალური პოლიტიკა უფრო ეფექტიანი იყოს.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზეზვა ზანგურაშვილი
ზეზვა ზანგურაშვილი
ავტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი