პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ჯანდაცვა, როგორც საჯარო სიკეთე

სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი ქვეყანაში მოქმედ ჯანდაცვის მოდელთანაა დაკავშირებული. მართალია არ არსებობს საუკეთესო ჯანდაცვის ერთი კონკრეტული მოდელი, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ნებისმიერ სისტემაში პრიორიტეტული უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის განვითარება, ჯანდაცვით საყოველთაო მოცვა, ხარისხიანი, უსაფრთხო, დროული და ხალხის საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, რომელსაც კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში ეფექტიან კონტროლს სახელმწიფო გაუწევს.

ჩვენი კომენტარი

ჯანდაცვა საჯარო სიკეთეა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის, ავადობის, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის და სხვა სოციალური მდგენელების მაჩვენებლებს. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა მოითხოვს, რომ ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი, ფინანსური სარგებლის მიღების ნაცვლად, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება იყოს.

როგორია ჯანდაცვის სისტემის მოდელები?

ჯანდაცვის მოდელები ერთმანეთისგან დიდწილად დაფინანსების და პასუხისმგებლობების გადანაწილების სქემებით განსხვავდება.

დაფინანსების მეთოდების მიხედვით ჯანდაცვის მოდელები ძირითადად ასე ჯგუფდება:

  • .. ბისმარკის მოდელი, როცა ჯანდაცვის ხარჯები დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ ყოველთვიურად სპეციალურ ფონდში შეტანილი თანხებით იფარება (გერმანია, საფრანგეთი);
  • ბევერიჯის მოდელი, რომელშიც ჯანდაცვის მომსახურება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება (ბრიტანეთი, ნორვეგია);
  • არსებობს შერეული სისტემაც, როდესაც ჯანდაცვა სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება, მაგრამ სერვისის მიმწოდებელი კერძო ორგანიზაციებია (აშშ, კანადა).

საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გარდაქმნების არაერთი ეტაპი გაიარა და უმეტესწილად ამ გარდაქმნებს თან სდევდა ჯანდაცვის სექტორის კომერციალიზაცია. შედეგად, დღეს სამედიცინო დაწესებულებების 86% კერძო მფლობელობაშია. 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხებიც, მაგრამ პროპორციულად არ გაუმჯობესებულა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მოკვდაობის მაჩვენებელი, ჯიბიდან გადახდები, მომსახურების ხარისხი და სხვა. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ხარჯების ზრდა ჯანდაცვის სექტორში უკიდურესად კომერციალიზებულ სისტემაში მოხდა.

რა რისკები ახლავს ჯანდაცვის კომერციალიზაციას?

კომერციალიზაციის დროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები კერძო პირების − ინვესტორების საკუთრებაში გადადის. ეს ცვლის მთლიანად სისტემის და სერვისის მიწოდების ბუნებას. ამ პირობებში, ჯანდაცვა არა საჯარო სიკეთე, არამედ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა ხდება. თუმცა, კერძო მფლობელობის პირობებშიც მთავარი რისკი უკავშირდება კომერციალიზებული კლინიკების წილს ჯანდაცვის სისტემაში და მათზე სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმებს. უფრო კონკრეტულად, მიიჩნევა რომ კომერციალიზაციის დროს:

სფეროს მკვლევრები მიიჩნევენ, რომ პრივატიზებული ჯანდაცვის სექტორი  უკეთეს და უფრო ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისს არ გულისხმობს და ამის მაგალითად საქართველოს რეგიონებში კერძო კლინიკების სიმრავლეს და ამავდროულად, მათ მიერ მიწოდებული სამედიცინო სერვისების ხარისხს ასახელებენ. ამ საკითხს უკავშირდება ისიც, რომ ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში არ გვხვდება კერძო არამომგებიანი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც თავიანთ მოგებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე დახარჯავდნენ.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზითფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი