ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია დოვლათის გადანაწილების საკითხი. ჩვენი სტატია პროცესში სახელმწიფოს როლზე ამახვილებს ყურადღებას და გვაჩვენებს, თუ როგორი გამოცდილება არსებობს ამ მხრივ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
სახელმწიფოს მოწყობის ფორმა და მის მიერ წარმოებული პოლიტიკა განსაზღვრავს ადამიანების კეთილდღეობის დონეს. შესაბამისად, საჭიროა, ვიცნობდეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რათა შექმნილი სიმდიდრე მხოლოდ მცირე ჯგუფების ხელში არ კონცენტრირდეს.
ჩვენი კომენტარი
სახელმწიფოს მიერ ბაზრის გარკვეულ დონეზე რეგულირება და სოციალური პოლიტიკის დანერგვა პირდაპირ აისახება მოსახლეობის უსაფრთხო შრომით პირობებზე, ღირსეულ ანაზღაურებაზე, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის დაზღვევაზე, სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალებებით უზრუნველყოფაზე. შედეგად, იზრდება როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თანასწორობის დონე.
რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას სახელმწიფომ?
კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი, ევროპაში საუკუნეზე მეტს ითვლის და ისეთ მოწყობას გულისხმობს, რომელშიც მთავრობა და/ან სოციალური ინსტიტუტების ქსელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის დაცვაზე ზრუნავს. იგი ეფუძნება შესაძლებლობების თანასწორობის, სიმდიდრის სამართლიანი განაწილებისა და საჯარო პასუხისმგებლობის პრინციპების აღებას მათ მიმართ, ვისაც არ შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი თავი ღირსეული ცხოვრების საბაზისო პირობებით.
ასეთი პოლიტიკის მაგალითებია:
- საგადასახადო პოლიტიკა - პროგრესული გადასახადები;
- სატარიფო პოლიტიკა - მინიმალური ხელფასი; სქესის ნიშნით შემოსავლებს შორის განსხვავების შემცირება;
- შრომითი უფლებების დაცვა. დასაქმების სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკა;
- უფასო და ხელმისაწვდომი განათლება;
- ხელმისაწვდომი საცხოვრისის პოლიტიკა;
- სოციალური უსაფრთხოების სისტემა - საყოველთაო ჯანდაცვა, უმუშევრობის შემწეობა, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება.
რა უნდა ვიცოდეთ?
ისეთ ქვეყნებში, სადაც მშპ მაღალია, ხოლო ჯინის კოეფიციენტი - დაბალი, ეკონომიკური თანასწორობა მეტ-ნაკლებად დაცულია. ქვეყანაში შექმნილი დოვლათი არ კონცენტრირდება ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში და იგი საყოველთაოდ ნაწილდება. შესაბამისად, ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრების დონე შედარებით მაღალია.
ასეთია, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები. ამ სახელმწიფოებს აქვთ როგორც გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, ისე სოციალური პოლიტიკის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომლის მეშვეობითაც ხდება დოვლათის განაწილება. მაგალითად:
- ევროპის ქვეყნებში მზარდია მინიმალური ხელფასის მაჩვენებელი, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ღირსეულ ანაზღაურებას ყველა დასაქმებულისათვის;
- მოქმედებს პროგრესული გადასახადები. დაბეგვრადი შემოსავლის ზრდასთან ერთად, იზრდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიც.
მაგალითად, გერმანიაში პროგრესული გადასახადი, შემოსავლის და ოჯახური სტატუსის მიხედვით, 14%-დან 45%-მდე მერყეობს. წელიწადში 10 347 ევრომდე შემოსავლის მქონე პირები კი გათავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისაგან, მაგ., წლიური 40 000 ევროს შემოსავალი 19,6%-ით იბეგრება, 60 000 ევრო - 25,4%-ით, 100 0000 ევრო - 33,8%-ით, 277 825 ევროდან შემოსავალზე კი 45%-იანი ბეგარა მოქმედებს. საშემოსავლო გადასახადებიდან შეგროვებულ თანხას სახელმწიფო მის მიერ აღებული პასუხისმგებლობების (პენსიები, სოციალური დახმარება და ა.შ.) სათანადოდ შესასრულებლად ანაწილებს.
- ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს უმუშევრობის შემწეობა ან დაზღვევა, ეს კი ეხმარება ადამიანებს კრიზისული პერიოდის დაძლევაში და არ ტოვებს მათ საბაზისო სახსრების გარეშე.
შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს და მათ სოციო-ეკონომიკურ თანასწორობას.