პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საბინაო პოლიტიკა – რა პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს?
ივლისი 9, 2024

საბინაო პოლიტიკა სოციალური პოლიტიკის ნაწილია, რისი არსებობის გარეშეც კეთილდღეობის შექმნა შეუძლებელი იქნება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საბინაო პოლიტიკა არამხოლოდ უსახლკაროებზე ზრუნვა, არამედ ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ადამიანები უსახლკარობამდე ნაკლებად მიდიან. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება უკეთესი პოლიტიკის დაგეგმვა, საჭიროა ვიცოდეთ, რას ნიშნავს საბინაო პოლიტიკის ხედვის არსებობა პოლიტიკის დონეზე, როგორ ხედავს ქართული სახელმწიფო მოქალაქეს და სახელმწიფოს როლს და რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით.

ჩვენი კომენტარი

აშკარაა, რომ ხელისუფლება საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრას საკუთარ პასუხისმგებლობად არ მიიჩნევს და ადამიანის ინდივიდუალურ მარცხად მოიაზრებს, რომელსაც მხოლოდ ზედაპირულ გამოსავლებს სთავაზობს. იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს საბინაო პოლიტიკის შემუშავება, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა ისეთ საბაზისო საკითხებზე, როგორიცაა ღირსეული საცხოვრებლით ადამიანების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

რა უნდა ვიცოდეთ?

სახელმწიფოში სოციალური დაცვის არსებული მოდელი განსაზღვრავს უსახლკარობის პოლიტიკასაც. ამის მიხედვით განისაზღვრება ბინაზე და საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. საქართველოში არსებული პოლიტიკა ნათლად მიუთითებს, რომ საბინაო ხედვით პოლიტიკა აღებულია უმეტესწილად ლიბერალური სოციალური დაცვის მოდელისგან, რაც გულისხმობს, რომ ბინით უზრუნველყოფა მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობაა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, იმისთვის, რომ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენას არ შეექმნას საფრთხე, სახელმწიფო მინიმალურ ჩარევას ახორციელებს.

ასეთია, საქართველოს შემთხვევაც, რადგან ძირითადად აქცენტი კეთდება თავშესაფრებზე − ესაა მოკლევადიანი, ქუჩის ყინვისგან თავის შესაფარებელი სივრცე, სადაც ადამიანებს სოციალური ცხოვრებისთვის შესაფერისი გარემო არ აქვთ. ის არ არის სახლი, სადაც შესაძლებელია პირადი სივრცის მოწყობა. სხვა ერთიან მიდგომაზე სახელმწიფო აქცენტს არ აკეთებს და არ ზრუნავს პრობლემის პრევენციისა თუ გრძელვადიანი გადაჭრის გზების დაგეგმვაზე. არსებობს გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ქირისთვის გამოყოფილი მცირე თანხები, თუმცა ამ მიდგომასაც არაერთი პრობლემა აქვს.

რა არის პრობლემა?

საქართველოში საბინაო პოლიტიკა, ძირითადად, უსახლკარობის კონცეფციასთან არის დაკავშირებული და არ მოიაზრებს სხვა ხელშემწყობ პროგრამებს, რომელიც საჭიროებისამებრ ჩართავდა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს პრევენციულ ზომებში, რათა ჰქონოდათ მეტი ხელმისაწვდომობა საკუთარი რესურსებით უზრუნველეყოთ კერძო საკუთრება. შესაბამისად, ქვეყანაში საცხოვრებლის უფლება დაყვანილია უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფამდე. თავშესაფარი კი პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების გზა არ არის და მხოლოდ მყისიერ საფრთხეებს აზღვევს.

ასევე, პრობლემატურია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უსახლკარობის საკითხი მუნიციპალურ დონეზე უნდა გადაიჭრას და მას აქვს კოორდინაციის პრობლემა ცენტრალურ დონეზე. მუნიციპალურ დონეზე საკითხის გადატანა მიანიშნებს პრობლემის მოგვარების არაერთგვაროვან, არაგრძელვადიან და დაბალრესურსიან გზაზე. ისეთ ქვეყნებში, სადაც საბინაო პოლიტიკა კარგადაა განვითარებული, უსახლკარობის შესახებ პროგრამები ცენტრალურ დონეზე წყდება და რეგიონულ დონეზე მხოლოდ ხელშემწყობი სერვისებია დანერგილი.

რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში?

საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პროგრამის მეშვეობით ხდება. მაგალითად:

პირდაპირი ინტერესების სუბსიდირება − რაც ნიშნავს ოჯახისთვის/პიროვნებისთვის მორგებულ საშეღავათო პოლიტიკას იპოთეკურ სესხზე ან ქირაზე, კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ეს პოლიტიკა გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში: ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი (2000-2005 წლებში), აშშ (გარკვეული შტატები).

შენარჩუნების სქემა − ეს არის რაიმე გზით სახლის შენარჩუნების, შეკეთებისა თუ რენოვაციის გეგმა, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს ამისთვის თანხის დაზოგვის, გრანტის გაცემის სქემით. ეს პოლიტიკა გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში: ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვაკეთი, გაერთიანებული სამეფო.

„წინდახედულობის“ ფონდი − დაზღვევის მსგავსად, როდესაც სახელმწიფო ავალდებულებს დამსაქმებელს და დასაქმებულს გადასახადის გადახდას ამ ფონდისთვის, რომელიც შემდგომ დაიხარჯება სახლების განახლებისთვის. ეს პოლიტიკა გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური.

იპოთეკური საპროცენტო გადასახადის გამოქვითვა − იპოთეკური სესხის გადასახადის შემცირების მიზნით, საშემოსავლო გადასახადიდან ხდება დარიცხული პროცენტის გაქვითვა. გამოქვითვის თანხა ეფუძნება საგადასახადო წლის განმავლობაში გადახდილ პროცენტს. ეს სტრატეგია გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში: ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი (1998 წლამდე), ნიდერლანდები, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო (2000 წლამდე), აშშ.

სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საბინაო ფინანსური ინსტიტუტები − არის მთავრობის მიერ დაარსებული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ მომსახურებას და მხარდაჭერას საცხოვრებლის ხელშეწყობისთვის. ეს მიდგომა გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში: ალჟირი, ბრაზილია, ჩილე, ინდოეთი, ირანი, კორეა, იაპონია, სინგაპური.

რა უნდა გაკეთდეს?

იმისთვის, რომ საბინაო პოლიტიკა რეალურად გადაიჭრას, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა ხელმძღვანელობდეს არა იმ პრინციპით, რომ ღირსეული საცხოვრისის არქონის პრობლემა მხოლოდ ადამიანების პირადი პასუხისმგებლობაა, არამედ უნდა ხედავდეს მისი, როგორც სოციალური სახელმწიფოს როლს პრობლემების იდენტიფიცირებასა და მის გრძელვადიან გადაჭრაში. ამისთვის საჭიროა:

  • პირველ რიგში, უსახლკარობის და საცხოვრისის არმქონე პირების იდენტიფიცირების დაზუსტებული (და არა ბუნდოვანი) ინდიკატორი, რომელიც მხოლოდ ქუჩაში ფიზიკურ ყოფნას არ მოიცავს და მოიაზრებს ღირსეული საცხოვრებლის ცნებას.
  • უსახლკარობის გამოვლენის ადეკვატური ინდიკატორი შეამცირებს იმ შიშებსაც, რომელიც თან ახლავს საბინაო პოლიტიკის შემუშავებას − არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი პრობლემების მოგვარებით მოქალაქეთა ინდივიდუალური წვლილის შემცირების წახალისება. თუ სახელმწიფო შეძლებს იმის დადგენას, შეუძლია თუ არა მოქალაქეს რეალურად თავად გადაჭრას აღნიშნული პრობლემები და შესთავაზებს მას ისეთ გეგმას, რომელიც დაეხმარება კრიზისს თავად გაუმკლავდეს, მაშინ სწორედ ის ჯგუფი დარჩება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი, ვისაც სინამდვილეში არ შეუძლია დამოუკიდებლად ამ პრობლემის გადაჭრა.
  • საბინაო პოლიტიკის ცენტრალურ დონეზე შემუშავება, რომელიც დასახავს გრძელვადიან სტრატეგიას და მუნიციპალიტეტის როლი იქნება მხოლოდ სერვისის მიწოდება.
  • გრძელვადიანი საცხოვრებლის შეთავაზება − თავშესაფრები პრობლემას გრძელვადიანად და საფუძვლიანად ვერ აგვარებს. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ღირსეულ ცხოვრებაზე, მას უნდა სთავაზობდეს ისეთ საცხოვრისს, სადაც ადამიანებს გრძელვადიანი გარანტიები, საკუთარი სივრცის შეგრძნება და სოციალიზაციის საშუალება ექნებათ. ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს.
  • უსახლკარობის პრევენცია − იდენტიფიცირება, თუ რატომაა ძირითადად ქვეყანაში უსახლკარობის შემთხვევები, უკავშირდება თუ არა ეს საბანკო სისტემას, შემოსავლების წყვეტას, ჯანმრთელობის ხარჯებს და ა.შ. და დაიწყოს მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით, შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვით და მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების შეთავაზებით. მაგ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ ჯგუფებზე სესხის პროცენტის სუბსიდირება, უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლების აკრძალვა, ხელფასის დაზღვევა და ა.შ.
  • რეინტეგრაციის სერვისები - ამ სერვისებით სახელმწიფომ უსახლკარო პირების არა მხოლოდ „ჭერით“ უზრუნველყოფა უნდა შესთავაზოს, არამედ მის საზოგადოებაში ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი. ასეთი შეიძლება იყოს განათლების, დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სერვისები, რათა მან მომავალში თავად შეძლოს კრიზისების დაძლევა.

 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
ავტორი