სტატია მიმოიხილავს თუ როგორ იცვლებოდა საქართველოში ნომინალური და რეალური ხელფასები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ხელფასების ცვლილების შესწავლით, ჩვენი მიზანია, მოკლედ აღვწეროთ მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და გამოვავლინოთ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს მხოლოდ ნომინალური ხელფასების სტატისტიკას, რაც გარკვეული შეზღუდვებით ხასიათდება:
- ინფლაციის იგნორირება: ნომინალური ხელფასის სტატისტიკა არ ითვალისწინებს ინფლაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მსყიდველობით უნარს. ინფლაციასთან შესწორების გარეშე, ნომინალური ხელფასები შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ რეალური ხელფასები სტაგნაციას, ან თუნდაც შემცირებას განიცდიდეს.
- ცხოვრების ხარჯის ცვლილება: საშუალო ნომინალური ხელფასები არ ასახავს ცხოვრების ღირებულების რეგიონულ ჭრილში ცვალებადობას. ნომინალური ხელფასის ზრდა, შესაძლოა, არ ნიშნავდეს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თუ საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და სხვა საარსებოდ აუცილებელი ნივთების ღირებულება არაპროპორციულად გაიზრდება სხვადასხვა რეგიონში.
- თვითდასაქმება, შინშრომა და გიგ ეკონომიკა: მოცემულ სფეროებში დასაქმების ზრდა ართულებს ნომინალური ხელფასის სტატისტიკის ინტერპრეტაციას და ეკონომიკური მდგომარეობის დამახინჯებულ სურათს იძლევა.
ჩვენი კომენტარი
ნომინალური ხელფასების ზრდის პარალელურად, რეალური ხელფასების სტაგნაცია, რომელიც ინფლაციასაც ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მეტყველებს: დასაქმებულები რეალურად არ იღებენ სარგებელს ეკონომიკური ზრდისგან.
მსგავსი მდგომარეობა მიუთითებს ისეთი პოლიტიკის არსებობის აუცილებლობაზე, რომელიც მოაგვარებს შემოსავლების უთანასწორობას, უზრუნველყოფს სამართლიან ხელფასებს და დაიცავს დასაქმებულების მსყიდველუნარიანობას.
დეტალურად:
ტენდენციების შედარებისთვის ინდექსები (მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს რაიმეს ცვალებადობას) გამოიყენება. ნომინალური ხელფასების და ფასების ტენდენციები საინტერესოა რეალური ხელფასის ცვლილების აღსაწერად.
ინდექსების გამოსათვლელად, ჩვენთვის საინტერესო ინდიკატორების (ხელფასები, ფასები) მნიშვნელობები 100-ს უნდა გავუტოლოთ საბაზისო წელიწადში, რაც მომდევნო წლებში მარტივი შედარების შესაძლებლობას მოგვცემს.
ნომინალური ხელფასების ინდექსი
ნომინალური ხელფასი განისაზღვრება, როგორც ფულის ფაქტობრივი რაოდენობა მოცემულ ვალუტაში (დოლარი, ევრო ან ლარი), რომელსაც შესრულებული სამუშაოსთვის ვიღებთ კონკრეტულ დროში. მაგ. საათში, თვეში ან წელიწადში.
ნომინალური ხელფასების ინდექსი რომ ავაგოთ, უნდა დავიწყოთ საბაზისო წელიწადის შერჩევით (ჩვენს შემთხვევაში, 2010), რომელსაც პირობითად 100 ერთეულის მნიშვნელობას მივანიჭებთ. ამის შემდეგ, ლარში მოცემული ნომინალური ხელფასების ინდექსებად გარდაქმნა და საბაზისო წელთან შედარება საშუალებას მოგვცემს, რომ დავაკვირდეთ ნომინალური ხელფასის ცვლილებას დროში.
ჩვენს მიერ შერჩეულ საბაზისო წელს (2010), საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი იყო 598 ლარი. 2011 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 6.3%-ით გაიზარდა და 636 ლარი შეადგინა. რადგან 2010 წელს, ნომინალური ხელფასის ინდექსი 100 ერთეულს გავუტოლეთ, 2011 წლის 6.3%-იანი ზრდის შემდეგ მივიღებთ 100 X 1.063 = 106.3 ინდექსს. მომდევნო წელს, ნომინალური ხელფასი კვლავ გაიზარდა 713 ლარამდე, რაც 12.1%-იან ზრდას ნიშნავს 2011 წელთან შედარებით. შედეგად, 2012 წელს ნომინალური ხელფასის ინდექსი იქნება 106.3 X 1.121 = 119.1. ასეთნაირად, შეგვიძლია გამოვთვალოთ და შემდეგ გრაფიკულად გამოვსახოთ საშუალო ნომინალური ხელფასების ინდექსები 2023 წლის ჩათვლით.
გრაფიკი N1: ნომინალური ხელფასების ინდექსი საქართველოში 2010–2023 წლებში. საბაზისო წლად აღებულია 2010 წელი.
წყარო: საქსტატი
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი)
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი) არის საზომი, რომელიც მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალო დონის ცვლილებას ასახავს და ყოველთვიურად დაიანგარიშება. იმისათვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია ასახოს, სფი 300-მდე დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს. სფი-ს ზრდა წარმოადგენს საერთო ფასების ზრდას ეკონომიკაში.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოითვლება ნომინალური ხელფასების ინდექსის მსგავსად, საბაზისო წლის შერჩევით და ფასების დონის ცვლილებებზე დაკვირვებით.
გრაფიკი N2: სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი) საქართველოში 2010-2023 წლებში. საბაზისო წლად აღებულია 2010 წელი.
წყარო: საქსტატი
რეალური ხელფასების ინდექსი
რეალური ხელფასი განსხვავდება ნომინალური ხელფასისგან იმით, რომ ითვალისწინებს ფასების ცვლილებას დროთა განმავლობაში. ის ზომავს რეალურ მსყიდველუნარიანობას, რომელიც დასაქმებულებს აქვთ შემოსავლიდან.
უფრო კონკრეტულად, თუ ნომინალური ხელფასი (გამოხატული ადგილობრივ ვალუტაში) არის თვეში W, ხოლო ერთი ერთეული პროდუქტის ფასი, რომელიც იზომება იმავე ვალუტაში არის P, მაშინ ხელფასით შესაძლებელია W/P ერთეული საქონლის შეძენა თვეში. ეს ნიშნავს, რომ ნომინალური ხელფასი დამოკიდებულია ეკონომიკაში გამოყენებულ ვალუტაზე, ხოლო რეალური ხელფასი არა.
მოცემული წლისთვის, რეალური ხელფასის ინდექსი მიიღება ნომინალური ხელფასის ინდექსის სამომხმარებლო ფასების ინდექსზე შეფარდებით და 100-ზე გამრავლებით:
რეალური ხელფასის ინდექსი = (ნომინალური ხელფასის ინდექსი / სამომხმარებლო ფასების ინდექსი) × 100
გრაფიკი N3: რეალური ხელფასების ინდექსი საქართველოში 2010-2023 წლებში. საბაზისო წლად აღებულია 2010 წელი.
წყარო: საქსტატი (აგებულია ნომინალური ხელფასების და სამომხმარებლო ფასების ინდექსებით)
გრაფიკი N4 აერთიანებს სამივე ინდექსს.
გრაფიკი N4: ინდექსები ნომინალური ხელფასისთვის, ფასებისთვის და რეალური ხელფასისთვის საქართველოში 2010-2023 წლებში. საბაზისო წლად აღებულია 2010 წელი.
წყარო: საქსტატი (რეალური ხელფასების ინდექსი აგებულია ნომინალური ხელფასების და სამომხმარებლო ფასების ინდექსებით).
გრაფიკზე ჩანს, რომ როდესაც დროთა განმავლობაში ფასების ზრდა აღემატება ნომინალური ხელფასის ზრდას (როგორც, მაგ. 2010-2011 წლებში), დასაქმებულების რეალური ხელფასი იკლებს საბაზისო წელიწადთან შედარებით. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ნომინალური ხელფასის ზრდის მიუხედავად, ადამიანების მსყიდველობითი უნარი ინფლაციის გამო არ იზრდება. და პირიქით, როდესაც ნომინალური ხელფასი იზრდება ფასებზე უფრო სწრაფად, დასაქმებულების რეალური ხელფასიც მზარდია, როგორც ეს მაგ. 2011 - 2016 წლებში იყო.
გრაფიკზე ასევე შესამჩნევია, რომ 2016-2017 და 2018-2021 წლებში, რეალური ხელფასი მცირდებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად მზარდი ხელზე ასაღები ხელფასისა, ამ რეგიონა
ზოგად ტენდენციას რაც შეეხება, 2010 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, ნომინალური ხელფასი გასამმაგდა, მაშინ როდესაც რეალური ხელფასი მხოლოდ ⅓-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ჩვენმა მსყიდველუნარიანობამ მხოლოდ მესამედით მოიმატა.
შენიშვნები:
აუცილებელია აღინიშნოს, რომ რეალური ხელფასების ინდექსი იქნებოდა შედარებით მცირე, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური რომ ითვალისწინებდეს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების შემოსავალს, საშუალო ნომინალური ხელფასების სტატისტიკის გამოქვეყნებისას. ეს იმიტომ, რომ არაფორმალურ სექტორში შემოსავლები, როგორც წესი, შედარებით მცირეა, რაც ხელფასის საშუალო სტატისტიკასაც შეამცირებდა.
შედეგად, შემცირდებოდა რეალური ხელფასიც, რადგან მისი ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში გასაყოფის შემცირება და გამყოფის უცვლელად დატოვება, რეალური ხელფასის შემცირებას გამოიწვევდა. ყოველივე ეს, ზემოთ აღწერილ სურათს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს შემოსავლების და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კუთხით.