პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რას ვითხოვთ სასამართლოსგან?

ჩვენს გარშემო არაერთი ოჯახი კარგავს უკანასკნელ საცხოვრებელს ფინანსური ვალდებულებების გამო. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასაძლევად და გარდაუვალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ადამიანები ფინანსურ სახსრებს ეძებენ და ხშირად ეს ძიება მევახშისგან თანხის აღებით სრულდება. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორი საფრთხეები და სირთულეები ახასიათებს ასეთ სასესხო ურთიერთობებს. კანონი ვერ იცავს მოვალეებს მევახშეთა თვალთმაქცური და თაღლითური სქემებისგან და სამწუხაროდ, ამას ვერც სასამართლო ახერხებს. ამ სტატიაში მოგიყვებით რა და როგორ უნდა შეცვალოს სასამართლომ საცხოვრებელთან დაკავშირებული დავების განხილვისას.            

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

გავალიანების და საბანკო რეგულაციების ისტორია გვიყვება იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებსაც მოსახლეობა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისგან უნდა დაეცვა. თუმცა, როგორც ვნახეთ, ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკური სესხის აკრძალვა, ასევე სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მოთხოვნა ეფექტიანი და საკმარისი არ აღმოჩნდა ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, დღეს საცხოვრებლის დაკარგვის რისკის შემცირებაში განსაკუთრებული როლი სასამართლოს აქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ფუნქციას ვერ ასრულებს.   

ჩვენი კომენტარი

საცხოვრებელთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას სასამართლომ ყურადღება უნდა დაუთმოს: 

  • ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს; 
  • სასამართლო პროცესში მხარის თანასწორ და კვალიფიციურ წარმომადგენლობა
  • მოვალის სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობა;
  • საცხოვრებლის დაკარგვის შედეგებსა და სახელმწიფოს საბინაო უზრუნველყოფის ვალდებულებებს

რა უნდა ვიცოდეთ?

ფიზიკურ პირებს შორის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება კანონიერი ქმედებაა, მაგრამ ხშირად პრაქტიკაში მას ფიზიკურ პირებს შორის აკრძალული, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გადასაფარად აფორმებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებებით თვალსაჩინოა, რომ მოვალეები, როგორც წესი, ან ზუსტად ვერ აცნობიერებენ, რა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან მევახშეებთან, ან, მათდამი ნდობის გამო, თანხმდებიან საკუთარი ნებისგან განსხვავებული გარიგების დადებაზე, რაც საბოლოოდ მათ უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს. 

ვისი პასუხისმგებლობაა?

საცხოვრებლით უზრუნველყოფ ან მისი დაკარგვის რისკები აღარ განიხილება მხოლოდ პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საგნად. ამას მოწმობს საერთაშორისო სტანდარტებიც, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს თითოეულმა შტომ, ინდივიდუალური კომპეტენციის მიხედვით უნდა შეასრულოს პოზიტიური როლი ამ რისკის თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, მათ უნდა დაიცვან ცოდნით, გამოცდილებით, სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობით მოწყვლადი პირი. 

რა პრობლემაა?

საქართველოში მევახშეების მანიპულაციური ხელშეკრულებებით დაზარალებული არაერთი ოჯახია. არ არსებობს რეგულაცია და სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელიც საცხოვრებლის დაკარგვის რისკებს მოვალის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიღმა განიხილავს. 

რა ხდება საქართველოში?

  • სასამართლოს მსჯელობა, როგორც წესი, გვერდს უვლის მოვალეების სპეციფიკურ საჭიროებებს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩენის შემთხვევაში უფრო მწვავე პრობლემად იქცევა. მეტიც, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებზე დაყრდნობით, სასამართლო ამ საკითხზე მხოლოდ ახალი მესაკუთრის (მევახშის) საკუთრების უფლების ჭრილში და მისი ინტერესების სასარგებლოდ მსჯელობს;  
  • პრობლემაა კვალიფიციური ადვოკატის წარმომადგენლობაც, რაც სამართლიანი განხილვის არსებითი ნაწილია. საკითხის აქტუალურობას ადასტურებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოწოდებული 2022-2023 წლის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, სესხთან და საცხოვრებელთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 377 ბენეფიციარს, ხოლო სასამართლოში წარმომადგენლობა - მხოლოდ 66-ს;
  • სასამართლოს პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია, თუმცა კანონმდებლობა ამ მხრივ სრულყოფილი არ არის. მაგალითად, ეზღუდულია მოსამართლის უფლებამოსილება მხარისთვის ადვოკატის დანიშვნის ნაწილში და ის მხოლოდ პირის გადახდისუნარიანობას ებმის. მოვალეებს კი, რომლებიც საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ დგანან, შეიძლება არ ჰქონდეთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, მიუხედავად მძიმე სოციალურ/ეკონომიკური მდგომარეობის
    • არაადვოკატის მიერ წარმომადგენლობის შესაძლებლობა კვლავ ძალაშია, მიუხედავად 2017 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მომზადებული წინადადებისა, რომელსაც მხარს უჭერენ პროფესიული გაერთიანებებიც ევროპის მასშტაბით;
  • გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს, რა ხდება მას შემდეგ, თუკი მოსამართლე  წარმომადგენლობის უფლებას შეუზღუდავს დაცვისთვის არასაკმარისი კომპეტენციის მქონე პირს. ეს კი მხარეს წარმომადგენლის კვლავ საკუთარი ძალებით უზრუნველყოფისკენ უბიძგებს

როგორ უნდა განიხილავდეს სასამართლო ასეთ დავებს?

  • კონტექსტის გათვალისწინებით

ამ ტიპის დავათა სიმრავლეს მათთან კომუნიკაციისას თავად სასამართლოებიც ადასტურებენ. ,,კომენტარის“ შესწავლილი საქმეების ფაქტობრივი გარემოებებიც, როგორც წესი, იდენტურ სცენარებს აღწერს. გარდა ამისა, არსებობს არაერთი კვლევა, რომლებიც საკმარის საფუძველს ქმნის სასამართლოებისათვის იმ ცოდნის შესაქმნელად, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას მევახშეები ქონების დაბალ ფასად და მარტივად დასაუფლებლად იყენებენ. ზოგიერთი მოსამართლე პრობლემაზე თავადაც საუბრობს, თუმცა ამას მასშტაბური სახე არ აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იყოს სენსიტიური იმ რეალობის, კონტექსტის მიმართ  რომელშიც ხშირად კანონიერი სამართლებრივი ურთიერთობა (ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება) მავნებლურ პრაქტიკას ნიღბავს. 

  • საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით

საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულება აკისრია, უზრუნველყოს საცხოვრისის უფლების რეალიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სტანდარტები მრავალფეროვანია და მათ შორის, სასამართლოსგანაც მოითხოვს, გაითვალისწინოს, რომ გამოსახლების გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ადამიანის უფლებების უპირატესი გათვალისწინებითა და პატივისცემით. ეს მოსამართლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალური სიფრთხილით შეაფასოს უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საკითხი და გაითვალისწინოს:

  • იძულებითი გამოსახლების გადაწყვეტილების მიღება სამართლიანი განხილვის შედეგად, დარღვეული უფლების აღდგენისთვის დაზარალებულისთვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა;

შეჯამება

მანიპულაციური მეთოდით საცხოვრებლის დაკარგვის პრაქტიკა კომპლექსური პრობლემაა, თუმცა სასამართლოს პროგრესული, ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული, მრავალგანზომილებიანი მსჯელობა და საკანონმდებლო ცვლილებით მოსამართლის უფლებამოსილების გაფართოების ხელშეწყობა, რისკებს მაქსიმალურად დააზღვევდა. ამისთვის საჭიროა: 

  • სასამართლომ დავა იმ პერსპექტივიდან გამომდინარე განიხილოს, რომელიც აღიარებს ცოდნას მანიპულაციური პრაქტიკის არსებობის შესახებ;
  • სასამართლომ მოვალის საცხოვრებლის დაკარგვის მიზეზებსა და სოციალური შედეგებზე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იმსჯელოს;
  • არასაკმარისი კომპეტენციის მქონე წარმომადგენელი, რომელიც ვერ იცავს მხარის ინტერესებს სასამართლოში, მოსამართლემ ჩამოაშოროს საქმის განხილვას;
  • საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდეს მოსამართლის დისკრეცია, იმსჯელოს, შეაფასოს და დანიშნოს მხარისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი, პირის სოციალური სტატუსის მიუხედავად, მაგრამ მისი საჭიროებების უპირატესი გათვალისწინებით; 
  • თვალთმაქცური გარიგების დადგენის შემდეგ იზრუნოს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლიანი პირობების დადგენაზე: საპროცენტო განაკვეთზე, ხანგრძლივობასა და გადახდის გრაფიკზე, რაც მართლმსაჯულების სასამართლოს სტანდარტის შესაბამისიც იქნებოდა.

სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი