2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით პირველად ჩატარდა.
საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ეს შედეგი როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების დღის კანონდარღვევებმა და მანიპულაციებმა განაპირობა. ამ სტატიაში შევეცდებით მიმოვიხილოთ ის გზები და საშუალებები, რომლის მეშვეობითაც მოქმედმა ხელისუფლებამ არჩევნებში „გამარჯვება“ მოიპოვა
ჩვენი კომენტარი
ჩვენ ერთიანობაში უნდა შევხედოთ ხელისუფლების მიერ გამოყენებულ მეთოდებს, რომელთაც ლოგიკურად მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებში ნაჩვენებ შედეგთან შედარებით თითქმის 10%-იანი (რაც წინაზე 192 049-ით მეტი ხმაა) „გაუმჯობესება“. ყველა ამ ფაქტს და შედეგებზე მათი საერთო გავლენის შეფასებას მივყავართ ერთ დასკვნამდე, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
ცესკოს საქმიანობაში ოპოზიციის როლის შემცირება
მათგან ცესკოს უმრავლესობა „ქართული ოცნების“ გემოვნებითაა დაკომპლექტებული. აქამდე მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვითაც ამ ინსტიტუტს ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების (მაგალითად, საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების დანიშვნა) მისაღებად წევრთა 2/3 სჭირდებოდა. ივლისში პარლამენტმა ეს შეცვალა და გადაწყვეტილებების მიღება უმრავლესობით გახადა შესაძლებელი. ამ ცვლილებამ ცესკო ფაქტობრივად ერთპარტიულ გავლენას დაუქვემდებარა.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი
ცესკომ ამ არჩევნების წინ შეიმუშავა წესი: საუბნო კომისიებში წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრის დღემდე მინიმუმ 7 დღით ადრე მაინც უნდა ჩატარებულიყო. აქამდე ეს ხმის მიცემის პროცედურების დაწყების წინ ხდებოდა. კომისიის წევრების ვინაობის წინასწარ ცოდნამ ხელისუფლებას მათზე ზეწოლის ან დაშინების შესაძლებლობა გაუჩინა. ამ ეჭვებს ამყარებს უკვე არჩევნების დღეს ნაკადის მომწესრიგებლების და რეგისტრატორების მხრიდან სხვადასხვა ტიპის დარღვევების შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სხვა პირთა პირადობის მოწმობით ამომრჩევლის დაშვება ხმის მისაცემად, ვერიფიკაციის აპარატებში დარღვევის ამომცნობი ხმის ჩაწევა, მარკირების წესების დარღვევა და სხვა). ცხადი იყო, რომ საუბნო კომისიების წევრთა ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებდა.
საზღვარგარეთის უბნების გახსნა
წინასაარჩევნოდ საზღვარგარეთ რამდენიმე დიდ ქალაქში ემიგრანტებმა აქციები გამართეს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე. ამ უბნების დამტკიცებისას ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა მოითხოვეს მათი გახსნა დამატებით 10 ქალაქში, სადაც საკონსულო აღრიცხვის მქონე ემიგრანტების რიცხვი 50-ზე მეტი იქნებოდა. ამ მოთხოვნით სადამკვირვებლო ორგანიზაციამ სასამართლოსაც მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა.
სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლა
არჩევნებში ყველა მმართველ პარტიას აქვს ბუნებრივი უპირატესობა. ხელისუფლებას შეუძლია საქმით აჩვენოს ის რეფორმები, რასაც მისი ოპონენტები მხოლოდ ჰპირდებიან ამომრჩევლებს. მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა მნიშვნელოვნად სცილდებოდა დასაშვებ ფარგლებს. ამ ტენდენციის მტკიცებულებაა დიდი ხნის წინ დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების წინასაარჩევნოდ დასრულება. ეს ამომრჩეველში არა ხელისუფლების, არამედ პარტიულ მიღწევად აღიქმება, რასაც სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლამდე, როგორც სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამრღვევ მოვლენამდე მივყავართ.
გარდა ამისა, ხელისუფლების ცენტრალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე დაამტკიცეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროგრამა 10-ზე მეტი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე გამოცხადდა საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, სადაც 3 000-მდე ახალგაზრდას მიეცა დასაქმების შესაძლებლობა. პარლამენტმა კი სექტემბერში მიიღო ამნისტიის კანონი, რომელიც 13 000-მდე პირს შეეხო.
ამ მმართველობითი ღონისძიებების გატარების პერიოდი მიუთითებს ხელისუფლების განზრახვაზე, ირიბად მოესყიდა ამომრჩეველი (ბენეფიციარი და მისი ოჯახის წევრები) და კონკრეტული სარგებლის მინიჭების სანაცვლოდ მოეპოვებინა მისი მხარდაჭერა.
ზეწოლა და დაშინება
წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებიც გამოკვეთა. აქ იგულისხმება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებისა და სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი პირების მიერ სამსახურის ან სოციალური ბენეფიტების შენარჩუნება-დაკარგვის არჩევნებში დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირება.
მმართველი პარტია, ასევე, ამ ადამიანებს იყენებდა წინასაარჩევნო კამპანიებშიც. ისინი მასობრივად მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციებში და აქტიურად გამოხატავდნენ პარტიის მიმართ მხარდაჭერას სოციალურ ქსელებშიც.
საბიუჯეტო დაწესებულებებში ამ ხალხზე ეფექტიანი ზეწოლა, რაც მათი დაუცველობის გათვალისწინებით ხელისუფლებისთვის რთულ ამოცანას არ წარმოადგენს, ხმების მობილიზების კარგი საშუალება და ოპოზიციასთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების მექანიზმია.
მოსყიდვა
გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის (მათთვის თანხის გადაცემის) ფაქტებიც (მაგალითად, არჩევნების დღეს ასეთი ფაქტები უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე გამოავლინა ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ) მისვლის/არმისვლის ან პირადობის მოწმობების მათთვის გადაცემის სანაცვლოდ.
ამომრჩევლის ნების კონტროლი
ამომრჩეველთა ნებაზე ზეწოლას ემსახურებოდა ახალი მექანიზმი – ე.წ. ქოლცენტრები. პარტიის მიერ ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა მიყვანას უზრუნველყოფდა.
ხმის მისაცემად მისვლას ადგილზე უკვე სხვა ჯგუფი აკონტროლებდა, რომელთა ნაწილი მოქალაქეებს უბნიდან კანონით დადგენილი რადიუსის დარღვევით აღრიცხავდა. ზოგიერთ შემთხვევაში ამას თავად კომისიის წევრები აკეთებდნენ, რაც ასევე უკანონოა.
დაფიქსირდა ძალადობისა და კენჭისყრის პროცესის ჩაშლის/მცდელობის ფაქტებიც.
ხმის ფარულობის დარღვევა
ხმის ფარულობის დარღვევა ამ არჩევნებზე განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატის მქონე უბნებზე (რაც ამომრჩეველთა 90%-ს ფარავდა). ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, პირველ რიგში, განაპირობა იმან, რომ ცესკოს მიერ გამოყენებული სპეციალური კალამის მელანი გაფერადებისას კვალს ტოვებდა ბიულეტენის მეორე მხარეს, რის გამოც ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის აპარატში მოთავსების მომენტში დაინტერესებულ პირს შეეძლო მიმხვდარიყო, მისცა თუ არა ხელისუფლებას მოქალაქემ ხმა. ამას დაემატა საარჩევნო კაბინაში ერთდროულად რამდენიმე პირის უკანონოდ შესვლის ფაქტებიც. ხმის ფარულობას საფრთხეს დამატებით უქმნიდა საარჩევნო ყუთთან განთავსებული კამერებიც, რაც ამომრჩეველში კონტროლის განცდას ქმნიდა. კომისიის წევრები კი ამ ფაქტზე ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებდნენ.
მრავალჯერადი ხმის მიცემა
დამკვირვებლებმა გამოკვეთეს ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მრავალჯერადად მიცემის ფაქტები, რაც დასტურდებოდა მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის/მცდელობის შემთხვევებში.
ამ ყველაფერს ხელს უწყობდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ კანონმდებლობის ღია, განზრახ დარღვევის შემთხვევები. ეს გამოიხატა მარკირების წესების დარღვევაში, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე დაშვებაში, სხვა პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის ნების დართვაში და სხვა.
საარჩევნო სიებში მანიპულაციები
პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებსა და სხვის ნაცვლად ხმის მიცემას კიდევ ერთი მანიპულაცია დაუკავშირდა. იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს გადაემოწმებინა, მის მაგივრად სხვამ ხომ არ მისცა ხმა, ცესკოს ვერიფიკაციის აპარატების გახსნასა და სიების გადამოწმებას მოუწოდებდა რამდენიმე ოპოზიციური პარტია, თუმცა ამაზე უარს მმართველი პარტია პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნებით ასაბუთებდა, ფაქტობრივად კი, ეს სიები პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხელმიუწვდომელი გახდა.
ISFED-მა 300-მდე უბნის მონაცემებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ ამ უბნებზე კენჭისყრის დღეს მივიდა იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი, ვიდრე ეს სიაში იყო მითითებული. ცესკომ მხოლოდ მცირე ნაწილში (150 ამომრჩეველზე) აღიარა ტექნიკური შეცდომა, დანარჩენ შემთხვევებზე კი დასაბუთებული პასუხი არ გაუცია.
შეჯამება
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმის მისაღებად ყველანაირ დაშვებულ თუ დაუშვებელ გზას მიმართა. მან გამოიყენა კანონმდებლობის საკუთარ ინტერესზე მორგების, კანონის დარღვევისა და არასწორი პრაქტიკის მიყოლის მეთოდები. კერძოდ:
- საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების სიმცირე ემიგრანტთა გაზრდილ რაოდენობას არ შეესაბამებოდა, რაც არჩევნების საყოველთაობის პრინციპს ზღუდავდა;
- მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლა, ამნისტიის კანონის, სოციალური და სხვა პროგრამების არჩევნებამდე მცირე დროით ადრე დამტკიცება ემსახურებოდა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას და ამ პარტიის სასარგებლოდ არჩევანის ფორმირებას;
- დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას ხელს უშლიდა უშუალოდ საუბნო კომისიების წევრების მხრიდან პროცედურების დარღვევის, აგრეთვე დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებიც;
- ის მოცემულობა, რომ „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა დონეზე (იგივე ითქმის სასამართლოზე), აზღვევდა იმას, რომ დარღვევის შემთხვევაში მათზე რეაგირების სამართლებრივი მოთხოვნები წარუმატებელი ყოფილიყო;
- ამომრჩევლის ნების კონტროლი ემსახურებოდა მოქალაქეთა არჩევანზე ზემოქმედებას უშუალოდ არჩევანის გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე;
- ჯერ კიდევ დაუდგენელი და გამოუძიებელია საარჩევნო სიებთან დაკავშირებული მანიპულაციები;
- დაბოლოს – ფარულობის მასობრივი დარღვევა. ამ კონსტიტუციური პრინციპის აშკარა და უდავო დარღვევის მასშტაბი, ცალკე აღებულიც კი, საკმარისია არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, თუმცა ჩვენს შემთხვევაში არჩევნების შედეგებზე მისი ეფექტი აქ არ სრულდება. ფარულობის დარღვევამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზეწოლა, სხვა ამომრჩევლის მოსყიდვა და მათი დაშინება ზეწოლის უაღრესად ეფექტიან მექანიზმად აქცია.
დღეს საქართველოში ფაქტობრივად ნორმალიზებულია ყველა ეს მანიპულაცია, რომელიც ამ სტატიაშია აღწერილი და რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუძლებელს ხდის ქვეყანაში. ამ არჩევნებმა გვანახა, რომ ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება წინასაარჩევნო კამპანიის დროს თუ არჩევნების დღეს დაშვებული ქმედებების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა შეუძლებელი გახდება.