ტრანზიციულ სისტემებში წარსულში მომხდარ სისტემურ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება გასაქანს არ აძლევს მტკიცე დემოკრატიის შენებას. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობა მსუყე ნიადაგია ავტორიტარიზმისთვის. ამგვარ რეალობაში ზოგჯერ დემოკრატიისა და ავტორიტარიზმისთვის დამახასაითებელი ნიშნები ერთამანეთს ერწყმის („ჰიბრიდულ რეჟიმი“). აქ პოლიტიკური ლიდერები სახელმწიფოს დემოკრატიის სახელით, მაგრამ რეალურად ავტორიტარული მეთოდებით მართავენ. ავტორიტარულია რეპრესიული აპარატის ხელწერაც, რომელსაც ზურგს ლიბერალური „ლეგიტიმიზაცია“ და „თანხმობაზე დაფუძნებული ძალის გამოყენების“ იდეა უმაგრებს.
რატომ განვიხილავთ ამ თემას?
პროტესტის საპოლიციო დევნა, დემოკრატიის, წესრიგის, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების ეგიდით, ჩვენი წარსულის და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში რეპრესიული მართვის სტილის დასრულების დაპირებით მოვიდა, თუმცა პროტესტების ევოლუცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, საპირისპიროზე მეტყველებს. „ქართულ ოცნებას“ რეპრესია, როგორც ჩანს, ყოველთვის ეგულებოდა რეზერვში. ბოლო პერიოდში მმართველმა გუნდმა ერთმნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური კურსი და რეალური ბუნება გამოავლინა. ის ცხადად და შეუნიღბავად გადავიდა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებაზე. ბოლოდროინდელი შეფასებებით, საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების გზას ადგას.
ჩვენი კომენტარი
საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი რეპრესიის სასარგებლოდ გააკეთა. მან დაუფარავად განაცხადა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი მეთოდი ძალადობით საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობაა.
რას გვეუბნება პოლიციის ქცევა სისტემის შესახებ?
დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში სახელმწიფო და მოქალაქე ბიუროკრატიის მეშვეობით ურთიერთობს. პოლიცია ამ ბიუროკარტიის ნაწილია. ადმინისტრაციული შენობების მიღმა, ქუჩაში სწორედ ის წარმოადგენს სახელმწიფოს. პროტესტის პარალელურად პოლიციის ქცევა არის როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმის, ასევე პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფო ორგანოების დემოკრატიულობის მაჩვენებელი. ასეთ დროს პოლიციის ქცევა გვაჩვენებს, რამდენად თანაბრად აქვს სახელმწიფოს რესურსები გადანაწილებული წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, რომელს და რატომ ანიჭებს უპირატესობას.
რატომ და როდის გადადის სახელმწიფო პროტესტის საპოლიციო დევნაზე?
წარმომადგენლობით დემოკრატიაში, სადაც ხალხის ხმა დღითიდღე უფრო სუსტად ისმის, პოლიტიკურ პროცესებში კოლექტიური მონაწილეობის ფუნქციას პროტესტი იღებს საკუთარ თავზე. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი მექანიზმები აღარ მუშაობს. ასეთ დროს პროტესტი ხალხის მიერ ძალაუფლების უშუალო განხორციელების გზაა. მისი მეშვეობით ერთი მხრივ, ძალაუფლების შეკავებას უზრუნველვყოფთ, მეორე მხრივ, კი ხელისუფლებას ვაიძულებთ ჩვენი ინტერესების გატარებას. ეს სახელმწიფოზე საზოგადოების კოლექტიური და ლეგიტიმური ზეწოლის მექანიზმია.
დემოკრატიულ სისტემებში პოლიციის მიერ პროტესტის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მთელი წყება ჩამოყალიბდა. მათი უგულვებელყოფის დროს პროტესტის „საპოლიციო მართვა“ პროტესტის „საპოლიციო დევნაში“ გადაიზრდება.
დემოკრატიულ სისტემაში პოლიციას პროტესტებში დამცავი ფუნქცია აქვს - ის ვალდებულია შექმნას პროტესტის თავისუფალი გამოხატვის გარემო-პირობები, დაიცვას მონაწილეები შესაძლო ძალადობისგან და შეინარჩუნოს მისი მშვიდობიანი ბუნება. არსებობს პროტესტის მართვის მკაცრი და მსუბუქი ფორმები. პირველი მზარდი ძალის გამოყენებით მოქმედებს, ხოლო მეორე ისეთ ინსტრუმენტებს ანიჭებს უპირატესობას, როგორიცაა მაგალითად მოლაპარაკების გამართვა.
ტაქტიკის ცვლილება „მოლაპარაკებიდან“ „ძალის გამოყენებამდე“ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად იმაზეცაა დამოკიდებული, სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში რამდენად აღიარებს სახელმწიფო მოქალაქეს უფლებების მატარებელ და ლეგიტიმურ სუბიექტად. ჩვენს შემთხვევაში იშვიათია მასობრივი პოლიტიკური პროტესტი, რომელიც დიალოგისა და მოლაპარაკების გზით გადაწყდა. ამავდროულად, პროტესტის მონაწილეთა მარგინალიზაციის უამრავი შემთხვევა გაგვახსენდება.
რაზე მიგვანიშნებს ბოლოდროინდელი პროტესტი და მასზე სახელმწიფოს რეაგირება?
პროპორციული და ჰუმანური საპოლიციო პრაქტიკის დამკვიდრება, თავიდანვე „ქართული ოცნების“ გაცხადებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თვალთმაქცური პოლიტიკური მიზანი იყო. ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისის მოვლენებმა დაგვანახა, რომ მისი ძალაუფლებაც რეპრესიულ მეთოდებზე იდგა. ბოლო პერიოდშიც აშკარაა, რომ მასობრივი სოციალური პროტესტის საპასუხოდ, სახელმწიფო მყისიერად გადადის ძალის დემონსტრირებასა და მის გამოყენებაზე. მისთვის დამახასიათებელია:
- სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მასშტაბური (ხშირად უკანონო) მობილიზება;
- სპეციალური საშუალებების არამიზნობრივი და არაპროპორციული გამოყენება;
- პროტესტის მონაწილეთა ინდივიდუალურ გადაცდომებზე არაპროპორციულად რეაგირება;
- უსაფუძვლოდ თვით-დაშლისკენ მოწოდება;
- ფიზიკური ანგარიშსწორება;
- აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯა;
- პოლიციელებისთვის პარტიული იმუნიტეტის მინიჭება - დაუსჯელობის გარანტია.
მართვის ეს მოდელი, რომელიც რეპრესიულ სისტემაზე დგას, დემოკრატიის რღვევის და ავტორიტარიზმის გამყარების სიმპტომია. ასეთ რეჟიმებში სამოქალაქო პროტესტის საპოლიციო დევნას ორი მიზანი აქვს: ის ან ხელს უშლის ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შენებას, ან მიზნად ისახავს უკვერ არსებული მოძრაობების დასუსტებას და დასჯას. თუ მტკიცე დემოკრატიულ სისტემებში პროტესტზე რეაგირება პოლიციის პროპორციული ზომების, დიალოგისა და კომპრომისის ფორმატებს მოიცავს, ჰიბრიდულ ან ავტორიტარიზიმისკენ გადახრილი რეჟიმებისთვის, გამოსავალი წინააღმდეგობის ჩახშობაა. ეს შესაძლოა სხვადასხვა ფორმაში გამოიხატოს, მათ შორის:
- აქციის მონაწილეთა მოთხოვნის იგნორირება;
- ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფების მობილიზება და კონტრაქციების დაგეგმვა;
- ოპონენტების დევნა, მათზე ინტენსიური ფიზიკური და მორალური ძალადობა.
ფასადური დემოკრატიის პირობებში, რეპრესიისთვის ხელისუფლებას ზურგს უმაგრებს კანონიერებისა და წესრიგის რიტორიკა. ის მოქალაქეებს ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ადანაშაულებს და პროტესტს წარმოადგენს, არა საკუთარი ძალაუფლების, არამედ საზოგადოებრივი მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხედ. ეს მას რეპრესიის გამართლებაში ეხმარება.
რატომ მიმართავს ამ სტრატეგიას ავტორიტარული რეჟიმი?
მასობრივი პროტესტი ავტორიტარული რეჟიმების ჩამოშლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ნიშანდობლივია, ის რომ ამგვარ სისტემებში რეპრესიას განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როცა პროტესტი წმინდა პოლიტიკურ საწყისებზე და პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნით მიმდინარეობს. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ავტორიტარულ რეჟიმებსაც ცალკეულ შემთხვევაში ახასიათებთ კომპორმისის და მოპალარაკების პრაქტიკა. თუმცა, ეს არასდროს ხდება ისეთ დროს, როცა პროტესტი ერთმნიშვნელოვანად პოლიტიკურ საკითხს ეხება. ისინი შესაძლოა სოციალურ ან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პროტესტების დროს დათმობაზე წავიდნენ, თუმცა პოლიტიკურ მოთხოვნებს ისინი ძალის გამოყენებით პასუხობენ. ამას ერთი მიზეზი აქვს: რეპრესია და პროტესტების საპოლიციო დევნა, ავტორიტარული რეჟიმებისთვის ძალაუფლების სტაბილურობის გარანტიას ქმნის.