სახელმწიფო ვალი ხშირად გამოიყენება გრძელვადიანი განვითარებისთვის, განსაკუთრებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობები ვალით აფინანსებენ ჰესების, გზების, ხიდების და სხვა სატრანზიტო სისტემების მშენებლობას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. თუმცა, განვითარების ასეთ მიდგომას აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ვალით დაფინანსებული დიდი პროექტები, მაგ. ჰესები, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები, შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს კაპიტალის მფლობელებისთვის, თუმცა დააზარალოს ადგილობრივი მოსახლეობა და გარემო.
ის, თუ რაში და როგორ იხარჯება სახელმწიფო ვალი, გვაჩვენებს, როგორი განვითარების მოდელი აირჩია მთავრობამ (მდგრადი თუ არამდგრადი) და ვის ინტერესებს ემსახურება იგი.
ჩვენი კომენტარი
სწორად მართულ სახელმწიფო ვალს შეუძლია ხელი შეუწყოს ერთდროულად ეკონომიკურ ზრდას და სოციალურ თანასწორობას. ამისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ვალით დაფინანსებული ინვესტიციები მიმართული იყოს მდგრადი საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ.
რა უნდა ვიცოდეთ?
ვალით გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. განვითარების ამ მიდგომას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები.
ენერგეტიკაში, მაგალითად, დიდი ჰესების აშენება, ხშირად აზიანებს როგორც ადგილობრივ ეკოლოგიას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება წარიმართოს დემოკრატიულად, მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით.
ვალით შეიძლება დაფინანსდეს ისეთი საჯარო ტრანსპორტის განვითარება, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი მატარებლები, ტრამვაი და მეტრო, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და საცობების შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, არ აბინძურებს გარემოს.
ფართომასშტაბიანი სოციალური საცხოვრებლის პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, ვალით დაფინანსებული ვენის საჯარო საცხოვრებლის მოდელი, ძალიან წარმატებულია. იგი უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, ხარისხიან საცხოვრებელს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის. ამასთან, ხელს უწყობს უსახლკარობის, ჯენტრიფიკაციისა და საბინაო უთანასწორობის შემცირებას.
დაბოლოს, ინვესტიციები საავადმყოფოების და კლინიკების მშენებლობასა და განახლებაში, ისევე, როგორც სკოლების და უნივერსიტეტების შენება/მოდერნიზაციაში, ხელს უწყობს ჯანდაცვაზე და განათლებაზე წვდომას, რასაც გადამწყვეტი ეფექტი აქვს არა მხოლოდ სოციალური, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.
უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის საჭირო კრედიტებს, განვითარებადი ქვეყნებისათვის, ძირითადად განვითარების ბანკები და საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, როგორიცაა მაგ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, და ევროპის საინვესტიციო ბანკი. თუმცა,
- ეს ორგანიზაციები სესხებს, კონკრეტული, ეგრეთწოდებული ნეოლიბერალური დათქმებით გასცემენ, რაც ხშირად უხეშ ჩარევას გულისხმობს მსესხებელი ქვეყნების შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაში;
- სესხებზე დამოკიდებულებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ვალის დაგროვებას, რაც საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ სტაბილურობას;
- ხშირად ფინანსდება ისეთი განვითარების პროექტები, რომელთა საჭიროებაც შესაძლოა არც იდგეს მოცემულ ქვეყნებში;
- აღნიშნული კრედიტები საგარეო ვალს მიეკუთვნება და უცხოურ ვალუტაში (დოლარი ან ევრო) გაიცემა, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებს წარმოქმნის მსესხებელი ქვეყნის ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში;
- მთავრობებს ხშირად უწევთ კერძო ინვესტორების ფინანსური თუ პოლიტიკური რისკების დაზღვევა, ასეთი პროექტების განხორციელებისას, რაც მნიშვნელოვან ფისკალურ რისკებს წარმოქმნის.
გვახსოვდეს, რომ ვალზე დაფუძნებული განვითარების პროექტებით და მათი განხორციელებისთვის გამოცხადებული ტენდერებით ხშირად მმართველ ძალასთან დაახლოებული ბიზნეს-ელიტა სარგებლობს. ეს კი ადგილობრივი ხელისუფლების ძალაუფლების განმტკიცებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც კორუფციით, ნაკლები გამჭირვალობით და ნეპოტიზმით გამოირჩევა.