პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სოციალური შემწეობის სისტემის მიმოხილვა: მოქალაქეების გაძლიერება თუ მუდმივი/უცვლელი სტატუსი?

სოციალური დაცვის სქემების მიზანია, საზოგადოების დაუცველ წევრებს დაეხმაროს, რათა მეტად გაძლიერდნენ, დაძლიონ სიღარიბე და შეძლონ, შრომის ბაზარზე ღირსეულად დასაქმდნენ. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის მდგომარეობით მსოფლიოში, ადამიანების 47% აქვს მინიმუმ ერთი სოციალური დაცვის შეღავათი. ამ შეღავათებით მოსარგებლეთა უმრავლესობა ამერიკისა და ევროპის კონტინენტზე ცხოვრობს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისტორიამ აჩვენა, რომ ძლიერი ეროვნული სოციალური უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია, რომლის სრულფასოვან, მდგრად განვითარებას დრო და სწორი, მოქალაქეებზე მორგებული, პოლიტიკური ნაბიჯები სჭირდება. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში სიღარიბე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ქვეყანაში მზარდია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანების რიცხვი. 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახელობის 17.4% იღებს სოციალურ შემწეობას.  შესაბამისად, სოციალური დახმარებების სისტემის ანალიზი გვეხმარება, გავარკვიოთ, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს სისტემა. 

ჩვენი კომენტარი

ქვეყანაში სოციალური შემწეობის სისტემას აქვს ხარვეზები და არ არის სრულყოფილი. შედეგად, ის ვერ ამცირებს სიღარიბის დონეს სოციალურად დაუცველებისათვის. ამას სტატისტიკაც მოწმობს. 

სხვადასხვა სერვისის გაცემის დროს სახელმწიფოს დახმარებებზე ხელმისაწვდომობა არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ ქულების მიხედვით, შეფასების სისტემა კი მეტად უნდა დაიხვეწოს, რადგან მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოქმედი შეფასების სისტემა ხშირად სოციალური დაცვის მიღმა ტოვებს ადამიანს, რომელსაც მყისიერი დახმარება სჭირდება.

საერთაშორისო პრაქტიკა და მიდგომები

2012 წელს გაერომ მხარი დაუჭირა „სოციალური დაცვის მინიმალური ზღვრის“ კონცეფციას. საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით, დაუცველ ჯგუფებს, უნდა ჰქონდეთ წვდომა სოციალურ დაცვაზე. კონცეფცია მოიცავს ორ კომპონენტს, ესენია: 

  • სოციალური მხარდაჭერის საბაზისო პაკეტი, შესაბამისი თანხის გადახდის სახით, და, 
  • აუცილებელი საჭიროებებისა და სოციალური სერვისების ფუნდამენტური დონის უზრუნველყოფა, მაგალითად, ჯანდაცვა, განათლება, საკვები, საცხოვრებელი.

სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ტიპის მიდგომა და მეთოდოლოგია, რომლითაც ხდება დახმარების მიმღები ჯგუფების იდენტიფიცირება, მხარდაჭერის ფარგლების გაზომვა. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე ფართოდ გავრცელებულ მიდგომას:

    1. საჭიროების დამდგენი ტესტი (means test) - მეთოდი, რომლის მთავარი მიზანი არის ინდივიდის ან ოჯახის ფინანსური საშუალებებისა და შემოსავლის დონის შეფასება, რათა გამოავლინოს ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება. მას იყენებენ მთავრობები და სოციალური კეთილდღეობის სააგენტოები სოციალური შეღავათების დასადგენად, მაგალითად, ფულადი დახმარების, უფასო კვების, საცხოვრებლის სუბსიდირებისა და სხვა სერვისებისათვის. 
    2. დახმარება კატეგორიების მიხედვით - ზოგიერთი პროგრამა ითვალისწინებს შეღავათებს კონკრეტული კატეგორიების ან ჯგუფებისათვის, მაგალითად, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა მშობლების და სხვ. ეს მიდგომა ეფუძნება დემოგრაფიულ მახასიათებლებს და არა შემოსავალს. ამ შემთხვევაში არ ხდება ე.წ. means test-ის გამოყენება.
    3. პირობაზე მიბმული მხარდაჭერა - სახელმწიფოები ფინანსურად ეხმარებიან ოჯახებს ან ინდივიდებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ კონკრეტულ კრიტერიუმებს ან მოთხოვნებს. ეს პირობები, როგორც წესი, მოიაზრებს ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშემწყობ ქმედებებს, მაგალითად: დახმარების მიმღების ვალდებულებას, ბავშვები ატაროს სკოლაში, გაიაროს რეგულარული სამედიცინო ვიზიტები ან მიიღოს ჯანდაცვის პრევენციული ზომები. ამ მიდგომის მიზანია, ისეთი ქცევის წახალისება, რომელიც აძლიერებს დახმარების მიმღებთა კეთილდღეობასა და სამომავლო პერსპექტივებს, განსაკუთრებით, გაღატაკებულ ან დაუცველ თემებში.
  • უნივერსალური საბაზისო შემოსავალი - სოციალური კეთილდღეობის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ფულად შემწეობას ქვეყნის ყველა მოქალაქის ან მაცხოვრებლისათვის, მიუხედავად მათი შემოსავლისა, დასაქმების სტატუსისა ან სხვა დემოგრაფიული ფაქტორისა.

 

 სისტემების ზოგადი კრიტიკა

მიზნობრივი სისტემები ხშირად გამორიცხავს ინდივიდებს ან შინამეურნეობებს, რომლებიც შეიძლება გაჭირვებულები იყვნენ, მაგრამ არ აკმაყოფილებენ კონკრეტულ კრიტერიუმებს. ეს იწვევს მათ სოციალურ გარიყულობას და აღრმავებს უთანასწორობას.

საჭიროების დამდგენი ტესტის შემთხვევაში (means test), შესაძლებელია არაეფექტური იყოს მკაცრი რეგულაციები და ბიუროკრატია. ზოგჯერ ეს იწვევს ადამიანებისათვის დახმარების დაგვიანებას. გარდა ამისა, შესაძლებელია, სწორად ვერ შეფასდეს, თუ როგორი სახის დახმარებას საჭიროებს ბენეფიციარი და მიიღოს ისეთი შეფასება/ქულა, რომ დარჩეს აუცილებელი დახმარების  გარეშე. საქართველოში სწორედ ეს სისტემაა დანერგილი.

საქართველოში არსებული მოდელი

საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარება, კანონის მიხედვით, არის სიღარიბის დაძლევის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ფულად დახმარებას ეკონომიკურად დაუცველი ოჯახებისათვის. ასეთ შემწეობას იღებს ოჯახი, თუ ის რეგისტრირებულია შესაბამის მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონით განსაზღვრულ ქულაზე. შეფასება (PMT) ტარდება სიღარიბის დონის გამოსათვლელად ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა: მოხმარების ხარჯი, სოციალურ-დემოგრაფიული მდებარეობა და შემოსავალი.

საქართველოში მოქმედი სისტემის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიღების უფლებამოსილების განსაზღვრის პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

  • პირველ რიგში, ოჯახის წარმომადგენელი მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს საარსებო შემწეობის მოთხოვნით და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზაში; 
  • სოციალური აგენტი სტუმრობს ოჯახს შეფასებისათვის. აგენტი აგროვებს ინფორმაციას, შეაქვს კომპიუტერულ პროგრამაში და ამოწმებს შესაბამის მონაცემთა ბაზებთან; 
  • ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ოჯახს ენიჭება სარეიტინგო ქულა, რომელიც განსაზღვრავს, დაენიშნება თუ არა შემწეობა. 

საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით და ზრდასრული წევრისთვის მერყეობს 30-დან 60 ლარამდე, ხოლო 16 წლამდე პირისთვის განკუთვნილია 200 ლარიანი მხარდაჭერა. 

გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული სოციალური დახმარების სისტემა მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე განსხვავებულ დახმარებას სთავაზობს ბენეფიციარს. მაგალითად: პირდაპირი ფინანსური დახმარების პრაქტიკა, რომელიც ერთჯერადად ან რეგულარულად გაიცემა ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მიერ; არაპირდაპირი ფინანსური დახმარება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სუბსიდირებებს მოიცავს და ცენტრალური ან/და მუნიციპალური ხელისუფლება გასცემს. დახმარებაში მოისაზრება სხვადასხვა სახის სერვისებზე წვდომაც. 

რა გამოწვევებია?

საქართველოში სისტემის ყველაზე დიდ კრიტიკას იმსახურებს არსებული პაკეტები, ბენეფიტები, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს (ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე). ისინი არ არის საკმარისი და სრულყოფილი. ადამიანები მუდმივად რჩებიან სიღარიბეში, მხოლოდ მინიმალური ფინანსური დახმარება შესაძლებელს ვერ ხდის, სტატუსის მქონე ადამიანები ეკონომიკურად გაძლიერდნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანას არ გააჩნია სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც იზრუნებდა ქვეყანაში ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებასა და სიღარიბის დაძლევაზე. 

გარდა ამისა, წლებია, სიღარიბის შეფასების არსებული მეთოდი კრიტიკის საგნად არის ქცეული, რადგან ალგორითმი, რომელიც ითვლის ქულებს, ხშირად სისტემის მიღმა ტოვებს ისეთ ოჯახებს, რომლებიც რეალურად ღრმა სიღარიბეში იმყოფებიან. მაგალითად, უსახლკაროები ხშირად ვერ ახერხებენ სტატუსის მიღებას, რადგან მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, სადაც აგენტი შეძლებს მისვლას და მათი ქონების აღწერას

მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ  სხვადასხვა ბენეფიტზე წვდომა სარეიტინგო ქულების მიხედვით არის შესაძლებელი. მაგალითად: ინდივიდს/ოჯახს შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ფულადი შემწეობა, მაგრამ განათლებაზე, ჯანდაცვაზე ან სხვა სერვისებზე მათ ხელი არ მიუწვდებოდეთ. მინიმალური შემწეობით კი შეუძლებელია სხვადასხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი. 

გარდა ამისა, სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცესი დროში გაწელილია, რაც შეიძლება კიდევ უფრო დამაზარალებელი აღმოჩნდეს ადამიანისათვის, რომელიც დროულ, მყისიერ დახმარებას საჭიროებს. თუ ოჯახმა/ინდივიდმა გაასაჩივრა მიღებული სარეიტინგო ქულა, პროცესი კიდევ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში გრძელდება, პრობლემები კი შეიძლება გამწვავდეს ან, იქედან გამომდინარე, რომ სხვა სერვისებზე წვდომა ქულებზეა მიბმული, ადამიანმა დროულად ვერ ისარგებლოს ჯანდაცვის პაკეტით ან სხვა ნებისმიერი სერვისით. 

პრობლემურია მუნიციპალური დახმარების პროგრამებიც, რადგან სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობა განსხვავებულია მუნიციპალიტეტებს შორის, რაც მათი ბიუჯეტიდან გამომდინარეობს. არათანაბარი შესაძლებლობა კი უშუალოდ მოწყვლად ჯგუფების შორის წარმოშობს უთანასწორობას. მაგალითად, თბილისში მცხოვრებ ბენეფიციარს უფრო მრავალფეროვან სერვისებზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ვიდრე სხვა რეგიონში მცხოვრებს.  

შესაბამისად, 

სოციალური დაცვის სისტემის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს მუდმივად სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს სოციალური პრობლემების გადაჭრაში. სოციალური დაცვის სისტემამ უკიდურესად ღარიბთა შორის მკვეთრად უნდა შეამციროს სიღარიბე, უზრუნველყოს ადამიანები საარსებო მინიმუმით, სათანადო სტაბილურობით და გააძლიეროს ისინი, რათა შეძლონ შრომის ბაზარზე დაბრუნება.

მნიშვნელოვანია,

სახელმწიფომ ჰოლისტურად შეხედოს სოციალური დაცვის სქემების მნიშვნელობას, იყოს ის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მეტად კოორდინირებული, რათა სოციალური დაცვის მიღმა არ დარჩნენ საზოგადოების დაუცველი ჯგუფები. ამას სჭირდება, ერთი მხრივ, ცვლილებები კანონმდებლობაში, ხოლო, მეორე მხრივ, პრაქტიკაში. ასეთი ნაბიჯები შეიძლება იყოს:

  • საარსებო შემწეობის მაძიებელთა სარეიტინგო ქულის გამოსათვლელად საჭირო  შეფასების სისტემა გახდეს მეტად კომპლექსური, რათა სისტემის მიღმა არ დარჩნენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები; 
  • ცენტრალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებებს შორის ჩამოყალიბდეს გამართული კოორდინაცია, ეს გამოიწვევს რესურსების სწორად გადანაწილებას. ამავე დროს, საჭიროა, შეთავაზებული სერვისები იყოს სისტემური და ეფექტური;
  • შემცირდეს დრო, რომელიც დახმარების დასანიშნად არის გამოყოფილი, ის დაახლოებით 3-4 თვემდე გრძელდება, რაც საკამოდ დიდი დროა იმ ბენეფიციართათვის, რომლებიც მყისიერ დახმარებას საჭიროებენ; 
  • შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, რომელიც სოციალურად დაუცველებს შესთავაზებს სათანადო დახმარებას და ხელს შეუწყობს მათ სიღარიბის დაძლევაში, სტაბილურობის მოპოვებასა და შენარჩუნებაში.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი