პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ფისკალური პოლიტიკის არსი და დანიშნულება
ივლისი 5, 2024

გლობალიზაციის პირობებში, ეროვნული ეკონომიკები უფრო მოწყვლადი ხდება საგარეო შოკების მიმართ, რაც ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ რყევებში და დესტაბილიზაციაში გამოიხატება.

ფისკალური პოლიტიკის გამოყენებით, რომელიც მოიცავს საგადასახადო, სასესხო და საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებულ სამთავრობო პოლიტიკას, შესაძლებელია მსგავსი რყევების თავიდან არიდება. ამასთან, ფისკალური პოლიტიკა ქვეყნის შიგნით ფინანსური რესურსის მობილიზების და სოციო-ეკონომიკური პოლიტიკების განხორციელების მთავარი ინსტრუმენტია.

ფისკალურ პოლიტიკაზე, როგორც წესი, პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მართავს საფინანსო-საბიუჯეტო-საგადასახადო სფეროებს, და პარლამენტი, რომელიც ამტკიცებს წლიურ ბიუჯეტს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • ფისკალური პოლიტიკა პირდაპირ გავლენას ახდენს უმუშევრობაზე, ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. შესაბამისად, მისი გააზრება გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ აისახება სამთავრობო პოლიტიკა თითოეული ჩვენგანის დასაქმების შესაძლებლობებსა და ცხოვრების დონეზე.
  • ფისკალური პოლიტიკა მოიცავს საგადასახადო გადაწყვეტილებებსაც. ის, თუ როგორ დაბეგრავს სახელმწიფო ფიზიკური პირების შემოსავალს, კაპიტალს და სხვა. გავლენას ახდენს არამარტო საბიუჯეტო შემოსავალებზე, არამედ ქვეყნის სიმდიდრის განაწილებაზე და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის განკარგვად შემოსავალზე. იგი განსაზღვრავს ჩვენს სოციო-ეკონომიკურ სტატუსს.
  • ფისკალურ პოლიტიკაზეა ასევე დამოკიდებული საბიუჯეტო ხარჯების პრიორიტეტები, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, თუ სოციალური დაცვის პროგრამები. ამასთან, საბიუჯეტო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში, მთავრობის ზომის კარგი მაჩვენებელია.
  • მთავრობები, ხშირად იღებენ ვალს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ფისკალური პოლიტიკის დასაფინანსებლად. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც საბიუჯეტო ხარჯები აჭარბებს შემოსავალს და წარმოიქმნება საბიუჯეტო დეფიციტი. ჭარბვალიანობის შემთხვევაში, მთავრობას შეიძლება სოციალური, საგანმანათლებლო ან/და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საჯარო სერვისების მიწოდების შემცირება (ქამრების შემოჭერის პოლიტიკა) მოუწიოს. ეს უარყოფითად აისახება მომავალ თაობებზე.

ჩვენი კომენტარი:

ფისკალური პოლიტიკა, ერთი მხრივ, სამართლიანად უნდა აგროვებდეს, ხოლო მეორე მხრივ, ანაწილებდეს სიმდიდრეს და შემოსავალს, რათა ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებელი თანაბრად გაიზიაროს საზოგადოების ყველა წევრმა და არა მხოლოდ მცირერიცხოვანმა ბიზნეს და პოლიტიკურმა ელიტამ.

ამისათვის, ძლიერი ფისკალური პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს საჯარო განათლება, ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი საბინაო პოლიტიკა და უმუშევრობის დაზღვევა, რათა მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის. პროგრესული გადასახადები, ამის შესაძლებლობას იძლევა მრავალ ქვეყანაში. ეს გულისხმობს საგადასახადო სისტემის ფორმას, რომელშიც მაღალშემოსავლიანი პირები უფრო მაღალი განაკვეთით იბეგრებიან.

რა უნდა ვიცოდეთ?

ფისკალური, იგივე საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, გულისხმობს საბიუჯეტო ხარჯების და დაბეგვრის პოლიტიკას, რომლითაც შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლების კონტროლი, როგორიცაა ერთობლივი მოთხოვნა, ინფლაცია და უმუშევრობა.

ფისკალურ პოლიტიკას 3 ჯგუფად ანაწილებენ:

  1. ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას რეცესიების დროს, რათა ერთობლივი მოთხოვნა გაიზარდოს, უმუშევრობა შემცირდეს და ეკონომიკა გააქტიურდეს.
  2. შეზღუდული ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს გადასახადების გაზრდას სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, რათა თავიდან იქნას არიდებული ინფლაციური წნეხი და ფასების დონე დასტაბილურდეს.
  3. ავტომატური სტაბილიზატორები წარმოადგენენ ფისკალურ პოლიტიკაში ჩაშენებულ ფუნქციებს, რომლებიც ავტომატურად არეგულირებენ სახელმწიფო ხარჯებს და გადასახადებს გარე ჩარევის გარეშე. მაგალითად, უმუშევრობის დაზღვევა და პროგრესული საშემოსავლო გადასახადები, ავტომატური სტაბილიზატორებია, რომლებიც ამცირებს ეკონომიკურ რყევებს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ

მთავრობები ფისკალურ პოლიტიკას არამხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ პირადი ინტერესებისთვისაც იყენებენ ხოლმე. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ატარებს ექსპანსიურ ფისკალურ პოლიტიკას (ხშირად ვალით დაფინანსებულს) წინასაარჩევნოდ, რათა დროებითი ეკონომიკური სტიმულით ამომრჩევლის გული მოიგოს, ან ამცირებს გადასახადებს, რათა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა მოიპოვოს.

მსგავსი მანკიერი პრაქტიკები გვხვდება ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაშიც, როცა თავად პოლიტიკოსები ან მათთან დაახლოებული პირები სარგებლობენ  სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უფლებით.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზეზვა ზანგურაშვილი
ზეზვა ზანგურაშვილი
ავტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი