პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა განვითარებას?

უკვე ათწლეულებია, საქართველოში ეკონომიკური განვითარების უალტერნატივო გზად მიჩნეულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებული პოლიტიკა. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ, რატომ არის მსგავსი მიდგომა რეალურად ეკონომიკური განვითარების ჩამკეტი მექანიზმი და არ იწვევს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი სხვადასხვა საკითხი, რომლებიც ყოველდღიურად გვაწუხებს - უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, არაჰუმანური შრომის პირობები, ბუნებრივი რესურსების ველური მოპოვება, გარემოს დაზიანება, გავალიანება, უსახლკარობა, შიდა და გარე მიგრაციები თუ სხვა - დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურასთან. თავის მხრივ, ამ სტრუქტურას ქმნის ქვეყანაში გაბატონებული ეკონომიკური განვითარების მოდელი. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს ამ მოდელის არსი.

 

ჩვენი კომენტარი 

დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორზე მაქსიმალურად მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნით შემოიფარგლება.  უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანამ სხვა განვითარებად ქვეყნებს კონკურენცია უნდა გაუწიოს, რომელშიც ის ეკონომიკის ლიბერალიზაციით, გადასახადების მინიმიზაციითა და დერეგულირებული კანონმდებლობით ერთვება. ეს იწვევს იაფ და დაუცველ შრომას, გარემოს ველურ ათვისებას, არასაკმარის საბიუჯეტო შემოსავლებს და უსამართლო საგადასახადო სისტემას.

 

რა უნდა ვიცოდეთ? 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეფექტურად ითვლება, თუ ხორციელდება მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში - იმგვარ სექტორებში, რომლებშიც შემოდინებული ცოდნა და ტექნოლოგიები ქვეყანაში რჩება და ხელს უწყობს წარმოებისა თუ ადამიანური რესურსის განვითარებას. საქართველოში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ძირითადად, იაფი მუშახელისა და ადგილობრივი ბაზრის ათვისების ხარჯზე ხორციელდება. ეს ქვეყანას პერიფერიულ ეკონომიკად აქცევს, იწვევს ადგილობრივი გარემოსა თუ მოსახლეობის ექსპლუატაციას და ადგილობრივ ეკონომიკას უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულს ხდის.

 

ციფრებში:

 საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით:

  • 1996 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 26 მილიარდი აშშ დოლარია.
  • 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 2 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ამ ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი საფინანსო, სადაზღვევო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე მოდის. მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სექტორებსაც.

 

უფრო დეტალურად: 

  • როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხორციელდება არა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, არამედ ზემოთჩამოთვლილ სექტორებში, ეს, ნაცვლად ეროვნული წარმოების სტიმულირებისა და ექსპორტის ზრდისა, ზრდის ადგილობრივი ეკონომიკის სტრუქტურაში არაპროდუქტიული სექტორების წილს და დაბალკვალიფიციურ შრომას.
  • ერთი შეხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ამ თანხების უმეტესობა არ რჩება ადგილობრივ ეკონომიკაში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი ინვესტიციები იწვევს ქვეყნიდან ადგილობრივი რესურსებისა და მოგების გადინებას. 
  • შესაბამისად, ქვეყანა მუდმივად უჩივის ადგილობრივი კაპიტალის დეფიციტს და ამ პრობლემის გადაჭრის გზად ისევ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ხედავს.

 

მაგალითად:

  • განვითარებად ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ქვეყანა იწყებს სასათბურე პირობების შექმნას იმგვარი ეკონომიკური საქმიანობებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, კრიპტოვალუტის მოპოვება, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგობალანსს და ენერგოინფრასტრუქტურას.
  • განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისეთ სექტორებში შემოდინება, როგორებიცაა რესურსების მოპოვება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, შესაბამისი გარემოსდაცვითი და სოციალური რეგულაციების ნაკლებობის გამო, ხშირად იწვევს სოციალურ  და ეკოლოგიურ კატასტროფებს.

მნიშვნელოვანია, რომ

საქართველომ ჯერ კიდევ 1990-იანი წლებში დააფუძნა ეკონომიკური განვითარების მოდელი უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე, რაც შემდგომ ყველა მთავრობამ გაიზიარა. უნდა ითქვას, რომ არ არსებობს კავშირი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასა და  ეკონომიკურ განვითარებას შორის.

ქვეყანა კვლავ განიცდის ადგილობრივი კაპიტალის სიმწირეს, ამ პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბებული ეკონომიკა კი ქმნის მწირი და თანაც ერთეულების ხელში კონცენტრირებულ კაპიტალს, რაც იწვევს საზოგადოებაში სიღარიბის და უთანასწორობის კვლავწარმოებას. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ალექსანდრა აროშვილი
ალექსანდრა აროშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი