ლიბერალური დემოკრატია წარმომადგენლობითი პრინციპის მეშვეობით მუშაობს. თეორიულად ამ კონცეფციის სათავეში ხალხი და მისი ინტერესი დგას. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი იწერება ამ მოდელის კრიზის შესახებ. ავტორები ვარაუდობენ, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია ვერ ამართლებს საკუთარ მიზნებს, ის წარუმატებელია როგორც მოქალაქეთა წარმომადგენლობის, ასევე მისი ინტერესების დაცვაში. ამ მოდელის კრიზისის გლობალური ტენდენცია კარგად ჩანს საქართველოს პარლამენტის მაგალითზე. წინა სტატიებში ჩვენ ვიმსჯელეთ პარლამენტის როლზე სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა კი ვისაუბრებთ, რა შეუძლია და რას აკეთებს ის საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად სტიქიური უბედურების დროს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე სტიქიური უბედურება მოხდა. რაჭასა და გურიაში ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანები ემსხვერპლნენ. საზოგადოებაში არსებობს კითხვები იყო თუ არა ეფექტიანი პასუხისმგებელი უწყებების რეაგირება.
ჩვენი კომენტარი
პარლამენტმა მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა მის ხელთ არსებული მექანიზმები შოვისა და გურიის სტიქიურ მოვლენებზე რეაგირებისათვის. მან სათანადოდ ვერ უპასუხა დაზარალებული პირების, მსხვერპლთა ოჯახების წუხილებს. ამგვარი პრაქტიკა ეჭვქვეშ აყენებს პასუხისმგებელი უწყებების სანდოობას და საფრთხეს უქმნის სტიქიური უბედურების პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესებას.
რისი გაკეთება შეეძლო პარლამენტს?
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტმა ინტერპელაციის წესით მოუსმინა შინაგან საქმეთა მინისტრს. რამდენიმე დეპუტატმა სხვადასხვა უწყებას ინდივიდუალური კითხვითაც მიმართა. თუმცა პარლამენტს არ გამოუყენებია ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი - დროებითი კომისია, რომელიც სისტემურად შეაფასებდა მოვლენებს და სხვადასხვა დონეზე მათი გადაჭრის გზებს დასახავდა. ოპოზიციამაც განსხვავებული სტრატეგია არჩია და „დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნა მოითხოვა. თუმცა, უმცირესობამ, ექსპერტებთან კონსულტაციის აუცილებლობის მოტივით, ეს პროექტი გამოითხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ „დროებითი საგამოძიებო კომისია“ „დროებითი კომისიებისგან“ განსხვავებით, საკითხს ვიწროდ იხილავს და უფრო მეტად კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის გამოვლენას ისახავს მიზნად, ვიდრე საკითხის კომპლექსურ შესწავლას.
შოვის ტრაგედიიდან მალევე სტიქიური უბედურება გურიაში განმეორდა, ამ ფაქტს პარლამენტის მხრიდან საერთოდ არ მოჰყოლია რეაგირება. ყველაფერი ისევ ისე რჩება, როგორც ტრაგედიამდე იყო, ხალხის წარმომადგენლები არ იყენებენ მათ ხელთ არსებულ მექანიზმებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ზიანი ან საერთოდ აიცილოს თავიდან, ან შეამციროს მაინც.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.