პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ზეგანაკვეთური შრომა – რა გამოწვევებია საქართველოში?
აგვისტო 8, 2023

ბოლო წლებში, ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით რიგი რეფორმები გატარდა, გაძლიერდა როგორც დასაქმებულთა სამართლებრივი გარანტიები, ისე ზედამხედველობა შრომით უფლებებზე. მიუხედავად ამისა, ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ  გამოწვევად რჩება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში ბევრი სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანი აწყდება გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება გადაჭარბებულ ზეგანაკვეთურ მუშაობას, ასეთი შრომის არაადეკვატურ ანაზღაურებას, სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსს და ექსპლუატაციის საფრთხეს. 

ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა მნიშვნელოვანია  სამართლიანი შრომითი პრაქტიკისა და შრომის ბაზარზე სოციალური თანასწორობის ხელშეწყობისთვის. 

ჩვენი კომენტარი:

აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე დაწესდეს ზეგანაკვეთური ანაზღაურების მინიმალური განაკვეთი, სულ მცირე, 125%-ის ოდენობით, რათა დასაქმებულებისთვის უზრუნველყოფილი იყოს გადაჭარბებულად შესრულებული სამუშაოს ღირსეული ანაზღაურება.  

ზეგანაკვეთური სამუშაოს არასათანადოდ ანაზღაურება მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ზომების გატარებას. შრომის ინსპექციამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს დამსაქმებლების მხრიდან ამ მიმართულებით დაფიქსირებული გადაცდენები.

როგორ რეგულირდება ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკითხები?

საქართველოში 2020 წელს გატარდა შრომის რეფორმა, რომელმაც ახლებურად განისაზღვრა ზეგანაკვეთური სამუშაოს  ცნება. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებით: ზეგანაკვეთური შრომაა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით დადგენილ საათებს მიღმა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება. გარდა ხანგრძლივი სამუშაო საათებისა, შრომის კოდექსით, განსაზღვრულ უქმე დღეებში მუშაობაც ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.

კანონით განისაზღვრა, რომ დამსაქმებლებმა ზუსტად უნდა აღრიცხონ თანამშრომლების სამუშაო საათები. ეს ინსტრუმენტი მიზნად ისახავს სამუშაო საათების მონიტორინგს და დასაქმებულების დაცვას შრომითი ექსპლუატაციისგან, რათა ზეგანაკვეთური სამუშაო არ იქცეს ნორმად.

კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს წინასწარ, ერთი კვირით ადრე, აცნობოს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ამ კანონის დაცვა და კონტროლი აუცილებელია, რადგან ის ხელს შეუშლის ზეგანაკვეთური მუშაობის ნორმალიზებას. 

როგორ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა?

საქართველოში ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების მინიმალური სტანდარტი არ არის დადგენილი, რადგან პარლამენტმა, ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნის შემდგომ, კანონპროექტიდან ამოიღო ჩანაწერი 125%-იანი გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების შესახებ. 

საგულისხმოა, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობაზე შეთანხმება სავალდებულოა, რაც უნდა შეადგენდეს ჩვეულებრივი ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილ ოდენობას. თუმცა, რადგან არ არის განსაზღვრული მინიმალური სტანდარტი, ეს  დამსაქმებლებს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ტოვებს შესაძლებლობას, ჩაიწეროს სიმბოლური (მაგალითად, 1 თეთრით მეტი ანაზღაურება) ან არასაკმარისი კომპენსაცია, რომელიც სათანადოდ ვერ ასახავს მშრომელის მიერ სამუშაოზე დახარჯულ დამატებით დროსა და რესურსს. 

დასაქმებულთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უშლის მათ გააპროტესტონ ზეგანაკვეთური სამუშაოს არაგონივრული ანაზღაურების პრაქტიკა, ისინი იძულებულნი არიან, დაეთანხმონ დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ პირობას. 

დამატებითი პრობლემაა ისიც, რომ ზოგჯერ, მიუხედავად ამგვარ პირობაზე შეთანხმების ვალდებულებისა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხი არ არის ხელშეკრულებით მოწესრიგებული. შრომის კოდექსში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მინიმალური სტანდარტის დაწესება ამ პრობლემებს გადაჭრის. 

როგორია სასამართლოს მიდგომა?

ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საგულისხმოა საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაც. ერთ-ერთ საქმეში პირველმა ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა 125%-იანი გაზრდილი ტარიფის მიდგომა და და განმარტებისას სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით დადგენილ სტანდარტს დაეყრდნო. სხვა საქმეში უზენაესმა სასამართლომ ზეგანაკვეთური ანაზღაურების განაკვეთად 150% განსაზღვრა, თუმცა იმ შემთხვევაში იხელმძღვანელა კონკრეტული საქმის გარემოებებით. 

მისასალმებელია სასამართლოების მიდგომა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  სამართალწარმოება საკმაოდ ხანგრძლივი და ფინანსებთან დაკავშირებული პროცესია, რაც მშრომელთა უმეტესობისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. დასაქმებულები ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხს უმეტესად  სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დავის ფარგლებში აყენებენ. ეს კი გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენს ამ მიმართულებით მშრომელთა საერთო მდგომარეობაზე.

ზეგანაკვეთური სამუშაოს დასაშვები მაქსიმალური ზღვარი

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დადგენილი ზეგანაკვეთური სამუშაოს დასაშვები მაქსიმალური ზღვარი. მაგალითად, სრულწლოვანი პირების შემთხვევაში არ არის განსაზღვრული, დღეში ან კვირაში მაქსიმუმ რამდენი საათია ზეგანაკვეთურად მუშაობა დაშვებული. თუმცა ეს საკითხი გათვალისწინებულია არასრულწლოვანი დასაქმებულების შემთხვევაში (სამუშაო დღის განმავლობაში - 2 საათი, კვირის განმავლობაში - 4 საათი).

საგულისხმოა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციისა და ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, კვირის განმავლობაში მშრომელის მიერ ნამუშევარი საათები, ზეგანაკვეთური მუშაობის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

მოპარული ხელფასის პრაქტიკა 

მოპარული ხელფასი გულისხმობს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის კანონიერი ხელფასის უსამართლოდ დაკავებას ან არასრულად გადახდას. ასეთი შეიძლება იყოს: აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს კუთვნილი კომპენსაციის გადაუხდელობა და სხვა.

ზეგანაკვეთურ მუშაობასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები დასაქმების ყველა სექტორში გვხდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად ვაწყდებით მომსახურებისა და არაფორმალურ სექტორში. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა ცხადყოფს, რომ დასაქმებულს ხშირად არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორი შეთანხმება გაფორმდა ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებაზე მასსა და დამსაქმებელს შორის. ხშირია შემთხვევა, როდესაც ზეპირი შეთანხმების დროს ამ საკითხს დამსაქმებლები საერთოდ არ განიხილავენ. მშრომელებს ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები არ უნაზღაურდებათ ან ნაწილობრივ სრულდება ის პირობები, რაც ზეპირი/წერილობითი შეთანხმების დროს გაფორმდა. 

ქვეყანაში, მოპარული ხელფასის ერთ-ერთ გავრცელებულ პრაქტიკად აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა ფიქსირდება. კვლევაში მონაწილეთა 88.3% ამბობს, რომ მათი შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფს, როგორც ამას კანონი მოითხოვს. აქედან გამომდინარე, დასაქმებულთა გარკვეული ნაწილი ხშირად ანაზღაურების გარეშე მუშაობს ნორმირებულ სამუშაო საათს მიღმა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ეკონომიკურ, ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე. 

შრომით უფლებებზე ზედამხედველობა

ქვეყანაში, ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ზეგანაკვეთურ შრომასთან არსებული პრობლემებთან ბრძოლა შეუძლია, შრომის ინსპექციაა, ვინაიდან ბოლო შრომის რეფორმით მისი მანდატი გაფართოვდა და შრომის უსაფრთხოების საკითხებთან ერთად მოიცავს შრომით უფლებებზე ზედამხედველობასაც.

შრომის ინსპექციის ოქმებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დარღვეული უფლება ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლობა იყო.

რა უნდა გაკეთდეს?

საქართველოში ზეგანაკვეთური სამუშაოს გამოწვევების გათვალისწინებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჭირო ცვლილებების განხორციელებას მშრომელთა უფლებებისა და კეთილდღეობის დასაცავად. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მინიმალური სტანდარტის დაწესება შრომის კანონმდებლობაში აუცილებელია სამართლიანი კომპენსაციის უზრუნველსაყოფად და პოტენციური ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად. მკაფიო მინიმალური ლიმიტის არარსებობა იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც პრაქტიკაში მშრომელების მიერ დამატებით გაღებულ ძალისხმევასა და დროს არაადეკვატურ ანაზღაურებას იწვევს.

შრომითი უფლებების ეფექტურად განსახორციელებლად და აუნაზღაურებელ, დაურეგულირებელ ზეგანაკვეთურ პრაქტიკასთან საბრძოლველად საჭიროა შრომის ინსპექციამ გამოიყენოს  მკაცრი და სათანადო სახდელები. 

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მინიმალური სტანდარტის დაწესება შექმნის უფრო სამართლიან სამუშაო გარემოს, ხელს შეუწყობს სოციალურ ერთიანობას და შეამცირებს შემოსავლების უთანასწორობას.

ეს ცვლილებები დადებითად აისახება საქართველოს შრომის ბაზარსა და სამუშაო ძალაზე. მშრომელები იგრძნობენ თავს დაფასებულად და დაცულად, რაც გამოიწვევს  სამუშაო კმაყოფილებას და გააუმჯობესებს მთლიან პროდუქტიულობას. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი