ცენტრალური ბანკები ფასების სტაბილურობის მისაღწევად მონეტარულ პოლიტიკას მიმართავენ, რომლის ეფექტიანობა 2021-2022 წლის ინფლაციურ წნეხთან მიმართებაში ინტენსიური განსჯის საგნად იქცა აკადემიურ სივრცეში.
2022 წელს ფასები 8.4%-ით გაიზარდა, პასუხად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, უკანასკნელ ათწლეულში პირველად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, შესაბამისად, დაასრულა უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების ეპოქა ევროზონაში. ევროპის ცენტრალური ბანკის ეს პოლიტიკა ინფლაციის 2%-იან სამიზნე დონეზე დაბრუნებას ემსახურება.
წინამდებარე სტატია 2021-2022 წლებში საქართველოში ფასების დონის ზრდასა და ეროვნული ბანკისგან საპასუხო მონეტარულ პოლიტიკას მიმოიხილავს. გავაანალიზებთ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს და ვეცდებით მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებას. ამავე დროს, ინფლაციის შემცირების ალტერნატიულ საშუალებებსაც განვიხილავთ.
რა უნდა ვიცოდეთ?
მონეტარული პოლიტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაციის შემცირებაში, მაგრამ ნაკლებად ქმედითია მიწოდების მხრიდან განვითარებულ ინფლაციასთან გასამკლავებლად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ფასების დონის ზრდა, ძირითადად, წარმოების ხარჯების ზრდას ან მიწოდების ჯაჭვების რღვევას უკავშირდება. მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებულია ფულის და საპროცენტო განაკვეთების მართვაზე, მსგავსი ფაქტორების წინაშე სრულიად არაეფექტურია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021-2022 წლებში არსებულ ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით გამკაცრებით, რეფინანსირების განაკვეთის 8-დან 11 პროცენტამდე გაზრდით უპასუხა (ნახაზი N1), მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ინფლაციის გამომწვევი მიზეზები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
ნახაზი N1: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება
უფრო დეტალურად იხილეთ სტატია: ინფლაციის გამომწვევი მიზეზები საქართველოში
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
- საქართველოში 2021-2022 წლები მაღალი ინფლაციით გამოირჩეოდა. ფასების მკვეთრი ზრდა 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი, 13.9 პროცენტი, დეკემბერში დაფიქსირდა. ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი იმპორტირებულ სურსათსა და საწვავზე მოდიოდა. ინფლაცია 2022 წელსაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა (11.9%). ამ პერიოდში განსაკუთრებით გაძვირდა ბინის ქირა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები და მომსახურება. ეს კი ძირითადად რუსეთიდან შემოსული იმიგრანტების მოთხოვნის და ხარჯვის ზრდით იყო განპირობებული.
- ამრიგად, საქართველოში ფასების ზრდა 2021 წელს მოწოდების შემცირებას, ხოლო 2022 წლიდან მოთხოვნის ზრდას უკავშირდებოდა.
- ინფლაციამ ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები დააზარალა, რადგან მათი შემოსავლების უდიდესი ნაწილი საკვებზე, ტრანსპორტსა და საცხოვრებელზე მოდის. 2021 წლიდან ფასები ყველაზე მეტად სწორედ მსგავს საქონელსა და მომსახურებაზე გაიზარდა.
- შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც აძვირებს ფულს და აფერხებს ეკონომიკურ საქმიანობას, ხელს უწყობს უთანასწორობის ზრდას ადგილობრივებისა და იმიგრანტების მსყიდველუნარიანობას შორის.
დეტალურად იხილეთ სტატია: რა არის და როგორ გამოითვლება ინფლაცია
ჩვენი კომენტარი:
მიწოდების შოკების მიმართ მონეტარული პოლიტიკა არაეფექტურია, ხოლო იმიგრანტების მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაციის შემცირებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის სამომხმარებლო შესაძლებლობების და საექსპორტო პოტენციალის გაუარესების ხარჯზე აღწევს. შესაბამისად, საჭიროა ინფლაციის შემცირების ალტერნატიული გზები.
მიწოდების მხრიდან გამოწვეული ინფლაციის წინააღმდეგ შედარებით ეფექტურად მუშაობს სტრუქტურული რეფორმები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, საგანმანათლებლო ინვესტიციების ზრდა, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გაძლიერება. ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება და სავაჭრო დეფიციტის შემცირება, იმპორტზე დამოკიდებულებისა და, შესაბამისად, იმპორტული ინფლაციის შესამცირებლად.
უფრო დეტალურად:
მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნის შემცირების გზით ამცირებს ინფლაციას. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საპროცენტო განაკვეთისა და გაცვლითი კურსის არხები:
- მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ზრდის საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთებს. ამ პირობებში სესხებზე მოთხოვნა იკლებს, შედეგად კი ინვესტიციები და სამომხმარებლო ხარჯები მცირდება. საბოლოოდ, ეს პროცესი ბოჭავს მოთხოვნას და ფასების დონის შემცირებას უწყობს ხელს.
- საპროცენტო განაკვეთის ზრდა ადგილობრივ აქტივებზე (ეროვნულ ვალუტაში) მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს, რაც ლარის გამყარებას განაპირობებს. გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტირებული საქონლის ფასს ამცირებს და ექსპორტირებულ საქონელს აძვირებს. შესაბამისად, იკლებს იმპორტირებული საქონლის ფასების დონე. ამავე დროს, ადგილობრივი ვალუტის გამყარება იმპორტის ზრდას და ექსპორტის შემცირებას უწყობს ხელს, რაც ამცირებს ერთობლივ მოთხოვნას და შესაბამისად ინფლაციას.
ორივე შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნის შემცირების გზით ბოჭავს ინფლაციას. მაგრამ ინფლაციის გამომწვევი მიზეზები ყოველთვის მოთხოვნის ზრდას არ უკავშირდება.
2021 - 2022 წლების ინფლაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:
2021 წლის მეორე ნახევრიდან გაზრდილი ინფლაციის გამომწვევი მიზეზები თავდაპირველად საწვავის და სურსათის გლობალურ დონეზე გაძვირებას უკავშირდებოდა. ამ ფაქტზე გლობალურად გაზრდილი ინფლაციაც მეტყველებს. რადგან საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, სურსათის და საწვავის გაზრდილი ფასები იმპორტირებული ინფლაციის სახით გადმოგვეცა (ნახაზი N2).
ნახაზი N2: იმპორტირებული და ადგილობრივი ინფლაცია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის საპასუხოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ამ მიზეზების წინაშე უძლურია. რადგან პრობლემა არა გაზრდილ მოთხოვნაში, არამედ შემცირებულ მოწოდებაშია. ხოლო მოწოდების შეფერხება ჯერ კოვიდ-რეგულაციებს, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდებოდა.
ნახაზი N2-დან ასევე ირკვევა, რომ 2022 წლიდან იმპორტირებული ინფლაცია იკლებს, მაგრამ მაღალ დონეზე ნარჩუნდება ადგილობრივი ინფლაცია, რაც, იმიგრაციული ნაკადებისა და სწრაფად მზარდი ეკონომიკის გათვალისწინებით, გადაჭარბებულ მოთხოვნაზე მიანიშნებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც ნაკლებად ეფექტური იქნება, რადგან მოთხოვნის ზრდა არა ადგილობრივების, არამედ იმიგრანტების ხარჯების ზრდას უკავშირდება. გარდა ამისა, გამკაცრებული საპროცენტო განაკვეთების შედეგად კრედიტზე შეზღუდული წვდომა ადგილობრივებს იმიგრანტებთან შედარებით არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.
2022 წლის ბოლოს, ინფლაციის ზრდის ფონზე, გაიზარდა ნომინალური ხელფასიც, რამაც დისკუსიები წარმოშვა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ადგილი ხელფასი-ფასის სპირალს. ამ საკითხის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რა იწვევს სინამდვილეში ინფლაციას - ფასების ზრდა თუ ხელფასების მატება. ერთი მხრივ, ხელფასების მატება განკარგვადი შემოსავლის გაზრდას, მოთხოვნის ზრდასა და ფასების დონის მატებას იწვევს. მეორე მხრივ, ფასების ზრდა უბიძგებს დასაქმებულებს ხელფასის მომატება მოითხოვონ, რაც წარმოების დანახარჯების ზრდასა და, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების ფასის ზრდას იწვევს.
ამრიგად, თეორიულად, ორივე ფაქტორს შეუძლია განაპირობოს ინფლაცია. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელფასების ზრდა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს ინფლაციის მთავარი მიზეზი და გლობალურადაც, უკვე არსებობს კონსესუსი იმაზე, რომ ხელფასების ზრდა არ უნდა შეჩერდეს ინფლაციის შიშით. ამავე დროს, განსაკუთრებით ოლიგოპოლიურ ბაზრებზე, კომპანიები შესაძლოა ზრდიდნენ ფასებს პროდუქციებზე, მოგების მატების მიზნით. საქართველოს შემთხვევაშიც არ დგინდება ხელფასი-ინფლაციის სპირალი და ხელფასების შემცირებით ინფლაციასთან ბრძოლა ფუჭი სტრატეგია იქნება, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ ყოფას.
ალტერნატიული პოლიტიკა ინფლაციის წინააღმდეგ:
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოწოდების ეს პრობლემები სწრაფად და სრულყოფილად გადაიჭრას. შესაბამისად, საჭიროა მიწოდების ფაქტორებით გამოწვეული ინფლაციის წინააღმდეგ ალტერნატიული პოლიტიკის გადახედვა:
- იმპორტირებული ინფლაციის შესამცირებლად საჭიროა იმპორტის შემცირება და ექსპორტის წახალისება შიდა წარმოების განვითარებით, რასაც სტრუქტურული რეფორმები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ინდუსტრიული პოლიტიკა და განათლებაში გაზრდილი ინვესტიციები სჭირდება. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პირიქით, აქვეითებს ეკონომიკურ საქმიანობას, იმპორტს ზრდის და ექსპორტს ამცირებს. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად მოწყვლადი ხდება გლობალური ინფლაციური შოკების მიმართ.
- იმიგრანტების ხარჯვის შედეგად გაზრდილი ინფლაციით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლებელია, მაგალითად, ქირის ფასის ზედა ზღვარის დაწესება, რასაც გერმანიის მთავრობამ მიმართა 2015-16 წლის იმიგრაციული ნაკადების შედინების დროს. ეფექტურად იმუშავებს შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე მიმართული პოლიტიკაც.
- გაზრდილი მოგების მარჟების შედეგად გამოწვეული ფასების ზრდა კონკურენციის ნაკლებობასა და ბაზრების ოლიგოპოლიურ ბუნებას უკავშირდება. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ანტიმონოპოლიური პოლიტიკით უნდა გადაიჭრას. ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა დასაქმებულთა ხელფასებზე მოლაპარაკების ძალაუფლებას ამცირებს, რაც ინფლაციურ წნეხს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს დაბალშემოსავლიანი პირებისთვის.