პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვინ (ვერ) მდიდრდება საქართველოში?
აგვისტო 8, 2023

საქართველოს მთავრობა ბოლო 2 წლის განმავლობაში გამუდმებით საუბრობს, რომ ქვეყანა მდიდრდება და ეკონომიკა იზრდება, მცირდება სიღარიბე და უმუშევართა რიცხვიც ისტორიულ მინიმუმზეა.

სტატია მიზნად ისახავს, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მთავრობის განცხადებები, როგორ ითვლება ეს სტატისტიკა, რა ტიპის მონაცემები არის გამოტოვებული მასში და აისახება თუ არა ქვეყანაში დაგროვებული დოვლათი საზოგადოების უმრავლესობაზე.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ წლებია, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავარ გამოწვევებად სიღარიბესა და უმუშევრობას თვლის. საზოგადოების 75%-ის აზრით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბე  მხოლოდ გაიზარდა. ყოველწლიურად იზრდება ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვიც.

ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდა და აბსოლუტური სიღარიბის შემცირება უდრის თუ არა მოქალაქეთა გაზრდილ კეთილდღეობას.

ჩვენი კომენტარი:

სტატისტიკით მანიპულირება მარტივია, ხშირად ხელისუფლებები საუბრობენ კონკრეტულ მონაცემებზე, თუმცა მხოლოდ ერთი პრიზმიდან, ხოლო  ასეთი ხედვა მთლიან სურათს რადიკალურად ცვლის.

აუცილებელია, სტატისტიკურ მონაცემებს შევხედოთ ჰოლისტურად. თუ მთლიან სურათს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბოლო წლებში ხელისუფლებას არ შეუცვლია არც ეკონომიკური და არც სოციალური პოლიტიკა, რაც აისახებოდა ადამიანების კეთილდღეობაზე. შესაბამისად, გარკვეული სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების მიუხედავად, ადამიანების კეთილდღეობის დონე პირდაპირპროპორციულად არ გაზრდილა.

  1. რეალურად, როგორი ეკონომიკური ზრდა გვაქვს?

საქართველოში 2013 წლიდან 2020 წლამდე (პანდემიამდე) პერიოდში ფიქსირდებოდა მინიმუმ 3%-იანი და მაქსიმუმ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

ბოლო 2 წელიწადში:

  • 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდამ შეადგინა 10.5%;
  • 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კი იყო 10.1%.

მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, რამ განაპირობა ბოლო 2 წელიწადში მშპ-ის ორნიშნა პროცენტით ზრდა:

  • კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნამ, ეკონომიკის გახსნამ და ტურიზმის სექტორის აღდგენამ (პანდემიისას, 2020 წელს, შეზღუდვების გამო 6.8%-ით შემცირდა საქართველოს ეკონომიკა);
  • 2022 წელს, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კაპიტალის მასშტაბურმა ზრდამ საქართველოში;
  • მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა სამშენებლო სექტორისა და უძრავი ქონების გაზრდილ ბრუნვას, ეს კი პირდაპირ უკავშირდება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების იმიგრაციას;

სომხეთშიც, საქართველოს მსგავსად,  2022 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 12.6% შეადგინა, რაც საქართველოს მშპ-ის ზრდაზე მეტიც კია. იქაც ეს შედეგი, უმეტესად, რუსეთიდან იმიგრანტებისა და კაპიტალის მძლავრმა შემოდინებამ განაპირობა.

ამავე დროს, ქვეყანაში მაღალია ინფლაციის დონე, რაც იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას საქონელსა და მომსახურებაზე. ბოლო პერიოდში შენარჩუნებული მაღალი ადგილობრივი ინფლაცია სწორედ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაციას უკავშირდება.

დეტალურად იხილეთ: ინფლაციის გამომწვევი მიზეზები საქართველოში 

როგორ ნაწილდება დაგროვებული დოვლათი ხალხში?

მშპ არ ითვალისწინებს და არ ზომავს სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეულ სოციალურ, ეკოლოგიურ და კულტურულ ზიანს. იგი არც დაგროვებული დოვლათის საზოგადოებაში გადანაწილებას ასახავს.

დეტალურად იხილეთ: ეკონომიკური ზრდა – მშპ-ს მნიშვნელობა და დათვლის მეთოდოლოგია

ჯინის კოეფიციენტი, რომელიც  შემოსავლებისა და სიმდიდრის საზოგადოებაში გადანაწილებას  ზომავს,  აჩვენებს, რომ საქართველოში შემოსავლების უთანასწორობის დონე მაღალია და ეკონომიკური ზრდის შედეგად დაგროვებული დოვლათი თანაბრად არ ნაწილდება საზოგადოებაში.

საქართველოში შემოსავლების უთანასწორობა უფრო მაღალია, ვიდრე - მეზობელ ქვეყნებში, რომ არაფერი ვთქვათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე (0 იდეალურ თანასწორობას ნიშნავს, ხოლო 1 - აბსოლუტურ გადახრას იდეალური თანასწორობისაგან):

  • სომხეთი - 0.28
  • აზერბაიჯანი 0.27
  • საქართველო - 0.34

დეტალურად იხილეთ სტატია: რესურსების განაწილების თანასწორობა – ჯინის კოეფიციენტი 

  1. მართლა მცირდება თუ არა სიღარიბე?

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი

წინა ხელისუფლების პირობებში  აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9 წლის განმავლობაში, 2004-2012 წლებში, 30-38%-ს შორის მერყეობდა.

მაგალითად, 2007 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 12.6% იყო, თუმცა იმავე წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რეკორდულად მაღალი რაოდენობა - 39% - დაფიქსირდა, ჯინის კოეფიციენტმა შეადგინა 0,4, ბავშვებში სიღარიბემ კი - 42%. ამავე დროს, 2007 წელს საარსებო შემწეობას იღებდა მოსახლეობის მხოლოდ 7.2%. ეს კარგად აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა ავტომატურად არ იწვევს სიღარიბის თუ უთანასწორობის შემცირებას. ეს მონაცემები წინა ხელისუფლების ნეოლიბერალურ მმართველობასაც კარგად წარმოაჩენს, რომელიც სრულად უგულებელყოფდა სოციალური პოლიტიკის საჭიროებას.

რამ განაპირობა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება?

2012 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარზე იმყოფებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 15.6% გახდა, რაც ცხადია მნიშვნელოვანი შემცირებაა.

დიაგრამა N1

მართალია, 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ  სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა, ამავე დროს, ბოლო 10 წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობაც. თუკი 2012 წელს საარსებო შემწეობას იღებდა 435 961 ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 11.7%), 2022 წლის ბოლოს ეს რიცხვი 645 738 (17.4%) ადამიანამდე გაიზარდა. (2023 წლის ივნისის მონაცემებით, ჯამში 660 265 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას: 474009 ადამიანი იღებს შემწეობას, ხოლო 186256 პირი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში).

დიაგრამა N2

ამრიგად, უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო შემწეობაზე წვდომა გაუჩნდათ:

  • 16 წლამდე ბავშვისთვის ეს შემწეობა არის თვეში 200 ლარი,
  • ხოლო ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში ეს თანხა მაქსიმუმ 60 ლარია.

თუმცა, რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებმა დაძლიეს სიღარიბე ან/და რას აკეთებს სახელმწიფო, რომ ამ ადამიანებმა დაძლიონ სიღარიბე?

როდესაც ვსაუბრობთ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, მნიშვნელოვანია სოციალური გასაცემლის მიზნის ცოდნა: „ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.“  შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებითაც იმუშაოს სახელმწიფომ, რათა, ერთი მხრივ, ადამიანები არ მოხვდნენ სოციალურ დაუცველთა ბაზაში, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულნი ამოიყვანოს სიღარიბიდან, იზრუნოს მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაზე.

2022 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო ახალი ქვეპროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველების დასაქმებას. ძნელია, შევაფასოთ ერთ წელიწადში რა შედეგები ჰქონდა ამ პროგრამას და როგორ მუშაობს ის, თუმცა შეიძლება თქმა, რომ ეს უკანასკნელიც, როგორც სხვა ბევრი სოციალური პოლიტიკის შემადგენელი პროგრამა, არასისტემურად დაიგეგმა.

უფრო დეტალურად იხილეთ: 2022 წლის მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკა და სოციალურად დაუცველები 

დიდი განსხვავებაა აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პირთა რაოდენობას შორის ქალაქებსა და სოფლებში. თუ ქალაქებში ეს მაჩვენებელი 12.3%-ია, სოფელში იგი 20.6%-ს შეადგენს. სახელმწიფოსვე დათვლილი სტატისტიკით, ქალაქში მცხოვრები ყოველი მე-8, ხოლო სოფლად მცხოვრები და 16 წლამდე ასაკის ყოველი მე-5 მოქალაქე აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს წვდომა ისეთ სიკეთეებზე, როგორებიცაა: საცხოვრებელი, საკვები, სუფთა წყალი, წამალი, ჯანდაცვა, ტანსაცმელი, განათლება და სხვ.

საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი

მსოფლიო ბანკი ითვლის სამ კატეგორიას: იმ ადამიანების პროცენტულ წილს, რომლებიც:

  • დღეში 2.15 დოლარს ან ნაკლებს ხარჯავენ;
  • 3.65 დოლარს ან ნაკლებს ხარჯავენ;
  • 6.85 დოლარს ან ნაკლებს ხარჯავენ.

დიაგრამა N3

ვინაიდან ზემოთ უკვე ვახსენეთ მეზობელი ქვეყნების მაგალითი და გარკვეული მონაცემები შევადარეთ საქართველოს, ახლა ვნახოთ საერთაშორისო სიღარიბის ზღვარის მიხედვით სომხეთის და საქართველოს მონაცემები:

  • სომხეთში 2.15$-ზე ნაკლებს ხარჯავს მოსახლეობის 0.5%, საქართველოში ეს მაჩვენებელი 5.5%-ია;
  • სომხეთში 3.65$-ზე ნაკლებს ხარჯავს 8.7%, საქართველოში - 19.1%.

3. რამ გამოიწვია უმუშევრობის შემცირებული პროცენტული რაოდენობა?

2014 წლიდან 2020 წლამდე (პანდემიამდე) უმუშევართა პროცენტული რაოდენობა მუდმივად იკლებდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, 17.6%. 2021 წელს კი უმუშევრობამ  20.6%-ს, ხოლო 2022 წელს 17.3%-ს მიაღწია (2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 18%-ია).

დიაგრამა N4

რამ განაპირობა უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება?

მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რამ განაპირობა უმუშევრობის სტატისტიკის გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა თუ დასაქმების მსურველთა რაოდენობამ იკლო?

შემცირებული სამუშაო ძალა

2015 წლიდან 2021 წლამდე მუდმივად იკლებდა სამუშაო ძალა, ანუ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამსახურს ეძებდნენ. შესაბამისად, ადამიანები სამსახურს ნაკლებად ეძებენ და მათი აღრიცხვა არც სტატისტიკაში აღარ ხდება.

დიაგრამა N5

მაგალითად, 2019 წელს სამუშაო ძალა შეადგენდა 1 572,788 ადამიანს, ხოლო დასაქმებული იყო 1 295,900, 2022 წელს 1 551,573 ადამიანიდან დასაქმებულია 1 283,706 (2023 წლის 1 კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 12 ათასით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წლის მონაცემებთან შედარებით).

შესაბამისად, იმის თქმა, რომ საქართველოში მასშტაბურად გაიზარდა სამუშაო ადგილების რიცხვი, გადაჭარბებულია, ვინაიდან აბსოლუტური რაოდენობით 2015-დან 2019-მდე უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე - 2022 წელს.

რაც შეეხება დასაქმების დონეს, 2015-2022 წლებში ის 40-43%-ს შორის მერყეობდა. შესაბამისად, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, მნიშვნელოვნად არც დასაქმების დონე გაზრდილა და არც დასაქმებულთა რაოდენობა.

შრომის გასააქტიურებელი პოლიტიკა

საქართველოში განსაკუთრებით ბევრია (1 437 350) ეკონომიკურად არააქტიური ადამიანი.  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოტენციური სამუშაო ძალის 48% არც კი მონაწილეობს ეკონომიკის შექმნაში.

ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული შრომის გასააქტიურებელი პოლიტიკის ნაბიჯები არ არის ეფექტიანი და სისტემური.

უფრო დეტალურად იხილეთ: მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკის გამოწვევები 

მასშტაბური მიგრაცია

2015-2022 წლებში სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში შემცირდა დაახლოებით 124 ათასი ადამიანით.  ამავე პერიოდში გაიზარდა საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელ პირთა რაოდენობაც და მიგრაციის უარყოფითი სალდოც (ქვეყნიდან გასული და უკან დაბრუნებული ადამიანების თანაფარდობა). ემიგრანტების უმრავლესობა შრომისუნარიან ასაკში მყოფი (15-64 წლის) პირია.

2022 წელს ქვეყანა დატოვა 100 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ, ეს კი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში გვაქვს „ერთგვარი“ დადებითი მიგრაციული სალდო, თუმცა ეს განპირობებულია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრი მატებით. უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში მიგრაციული სალდო მკვეთრად უარყოფითია, ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა შემოსულებისას 46 397-ით აღემატება, რაც ბოლო 10 წელიწადში ყველაზე უარესი შედეგია. 

უფრო დეტალურად: მიგრაციის შესახებ სტატისტიკა

რას აკეთებს სახელმწიფო, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, შედეგად კი სოციალურად დაუცველთა ბაზაში, არ მოხვდეს ადამიანი?

ქვეყანას არ აქვს გამართული სოციალური პოლიტიკა, რომელიც დააზღვევდა მოქალაქეებს და პრევენციულ ნაბიჯებს გადადგამდა, რათა ადამიანები არ მოხვედრილიყვნენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ქვეყანას არ აქვს ისეთი ელემენტარული სოციალური დაცვის გარანტიები, როგორებიცაა: მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობა. არ არსებობს გამართული საბინაო პოლიტიკა, უსახლკარობასთან ბრძოლის სტრატეგია,  პრობლემურია პრაქტიკაში შრომის კანონმდებლობის აღსრულება და მრავალი სხვა.

უფრო დეტალურად იხილეთ: საქართველოში სოციალური დაცვის სისტემა არ არის სტაბილური და საყოველთაო

დაბოლოს,

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არც 2021 და არც 2022 წელს საქართველოში არ განვითარებულა ახალი ტიპის ეკონომიკური მოდელი, არ გახსნილა საწარმოები, რომლებიც განაპირობებდა ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ქვეყანა კვლავ მეტწილად დამოკიდებულია ტურიზმზე, უცხოეთიდან გზავნილებზე, მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორებზე.

ვრცლად იხილეთ:  რატომ არ განაპირობებს ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას საზოგადოების დიდი ნაწილისთვის? 

 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
ავტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი