დავიბადე და გავიზარდე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში. 2006 წელს დავიწყე სკოლაში სიარული, საბავშვო ბაღში საერთოდ არ მივლია, იმიტომ, რომ არც ჩვენს სოფელში და არც მეზობელ სოფლებში არ არსებობს საბავშვო ბაღი ან სკოლამდელი განათლების ცენტრი. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია 6 წლის ბავშვისთვის პირდაპირ სკოლაში მისვლა და სასკოლო გარემოში ადაპტირება.
საბავშვო ბაღი
ამის შემდეგ ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა. ვიცნობ ოჯახს, რომელსაც კერძო მასწავლებელთან დაჰყავდა ბავშვი სკოლაში შეყვანამდე, რათა ესწავლა ასოები, ციფრები, დათვლა და მომზადებულიყო სკოლისთვის. ამაში კი ოჯახი თვეში 100 ლარს იხდიდა. ვისაც არ აქვს ეკონომიკური შესაძლებლობა და ვერ დაჰყავს ბავშვი კერძო მასწავლებელთან, თვითონ ცდილობს, ასწავლოს შვილს და მთელ რესურსს ამაზე ხარჯავს. ეს ასე გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
სკოლა
როდესაც მე-11 კლასში ვიყავი, ქართული ენის შესასწავლად დავდიოდი მარნეულში ერთ-ერთ ცენტრში. ჩემი თანაკურსელი იყო ქართული ენის მასწავლებელი, მაგრამ მე და ჩემმა კლასელმა მასზე კარგად ვიცოდით ქართული. წარმოიდგინეთ მოსწავლეები, რომლებიც ასეთი მასწავლებლისგან სწავლობენ, როგორ ისწავლიან ენას.
დღევანდელ რეალობაში განათლების სისტემას აქვს უამრავი სუსტი მხარე, ერთ-ერთია არაპროფესიონალი მასწავლებლები. მე მყავდა პროფესიონალი მასწავლებელი. როცა მან ჩვენს სკოლაში მუშაობა დაიწყო, მე-6 კლასში ვიყავი და ზუსტად იმ დროს გადავწყვიტე, რომ უნდა მესწავლა უმაღლეს სასწავლებელში, რადგან მან მომცა მოტივაცია და გვერდით დამიდგა.
არსებობს სოფლები, სადაც ქართულ ენას ასწავლის არაპროფესიონალი მასწავლებელი. ისე კი, არამხოლოდ ქართულ ენაში, სხვა საგნებშიც გვქონდა მსგავსი პრობლემები. მაგალითად, ერთი მასწავლებელი ასწავლიდა რამდენიმე საგანს, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი. მე სკოლაში გეოგრაფიას მასწავლიდა ქიმიის მასწავლებელი, მათემატიკას − ფიზიკის, სამოქალაქო განათლებას − ხან ისტორიის, ხან ქართული ენის მასწავლებელი. მე-7 კლასში რომ გადავედით, აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების საათები შეამცირეს და მშობლიური ენა ვერ ვისწავლეთ კარგად. ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, ფიზიკის და სხვა საგნების სახელმძღვანელოები იყო ძალიან გაუგებარი და კითხვის დროს არაფერი გვესმოდა, ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე ცუდი თარგმანის გამო.
არაფორმალური განათლების მნიშვნელობა
სამწუხაროდ, არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავით აქტიური მოსწავლეები. არამხოლოდ კირიხლოში, არამედ ბევრ სოფელში არ არსებობს არაფორმალური განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდები დაესწრებიან ტრენინგებს, ისწავლიან უცხო ენებს, გაერთობიან და თავისუფალი დრო გაატარებენ ხარისხიანად.
სკოლაში არ ტარდებოდა არცერთი წამახალისებელი თუ სადღესასწაულო ღონისძიება, მათ შორის, არც ბოლო ზარი გვქონია. მიუხედავად ყველაფრისა, ვიყავი ძალიან აქტიური მოსწავლე და ბევრ შეჯიბრში და ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას, რამდენიმე მათგანში პირველი ადგილიც დავიკავე. ასეთი ღონისძიებები იყო ჩემი მოტივაციის ერთ-ერთი წყარო, რომ გამეგრძელებინა სწავლა.
გასართობი და კულტურული კერების არარსებობა
სოფელში არ გვაქვს სპორტული ცენტრი, ახალგაზრდები ყოველდღე დადიან მარნეულში, ფეხბურთის სათამაშოდ კი − მეზობელ სოფლებში. ამ ყველაფრის გამო სოფლებში ვხვდებით გარემოს, სადაც მოზარდების უმეტესი ნაწილი თავისუფალ დროს ატარებს ან „დროს კლავს“ ჩაიხანებში ან სოფლის ე.წ „ბირჟებზე“. ზოგადად ამ მხრივ, როგორც მოქალაქე ვგრძნობ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ. სხვა სოფლებში, სადაც ცხოვრობენ დომინანტური ჯგუფის წარმომადგენლები, შენდება პარკები, სკვერები, აგებენ გზას და აქვთ თითქმის ყველა შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. ჩვენთან, კი მოსწავლეები ჯერ კიდევ ტალახიანი გზებით დადიან სკოლაში.
უმაღლესი განათლება და 1+4 პროგრამა
უმეტესწილად, ჩვენ, ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდები, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გავდივართ ერთწლიან კურსს, რომელსაც ეწოდება ე.წ „1+4“-ის პროგრამა.
წარმოიდგინეთ, ბავშვებმა ვერ იარეს საბავშვო ბაღში, სკოლაში ვერ ისწავლეს ენა პროფესიონალი მასწავლებლისგან, ვერსად ვერ იარეს ენის შესასწავლად, ამის გამო უნივერსიტეტში ჩაბარებისას ერთი წელს ზედმეტად კარგავენ იმისთვის, რომ ქართული ისწავლონ.
ეს პროგრამა გავლილი მაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შევძელი და სწავლა გავაგრძელე პირველ კურსზე სამართლის ფაკულტეტზე. „1+4“ პროგრამით თუ აბარებ გამოცდებს, 100%-იანი გრანტის მოპოვება ძალიან რთულია, რადგან ყოველ წელს მხოლოდ ასი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტი ახერხებს გრანტის აღებას. 1+4 პროგრამით მოსარგებლე ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტების რაოდენობა კი რამდენიმე ასეულია. ასევე ამ პროგრამაში ჩარიცხვის და გრანტის ვერმოპოვების შემთხვევაში ვერ ვსარგებლობთ უნივერსიტეტის უფასო ფაკულტეტებით.
ქართულ ენას ილიაუნიში ძალიან კარგად გვასწავლიდნენ და საუკეთესო მოგონებები მაქვს. ამ პროგრამამ ასევე ხელი შეგვიწყო ინტეგრირებაშიც. თუმცა, ყველა საჯარო უნივერსიტეტი არ ასწავლის უმაღლეს დონეზე და ზოგ უნივერსიტეტში ლექტორებს დისკრიმინაციული დამოკიდებულება აქვთ სტუდენტებისადმი, ზოგან სასწავლო ინვენტარი არაა საკმარისი, ზოგან შენობის ინფრასტრუქტურაა გასარემონტებელი.
ამასთან, მხოლოდ ქართული ენის სწავლის გამო 2250 ლარს ვიხდით. ეს ოჯახებს უქმნის ეკონომიკურ პრობლემებს ან სტუდენტები იძულებულები ხდებიან, რომ იმუშაონ სუპერმარკეტებში ან სხვა ადგილებში, რათა გადაიხადონ სწავლის საფასური. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ
„სიცრუეა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით უწევთ საფასურის გადახდა“.
ენის ბარიერს, როგორც მწვავე პრობლემას სახელმწიფო უწყებები და საჯარო მოხელეები იყენებენ, როგორც „იარაღს“ და ხშირად ამბობენ, რომ „სახელმწიფო ენა ყველამ უნდა იცოდეს“, მაგრამ თვითონ არ არიან ინფორმირებულნი ჩვენი მდგომარეობის შესახებ, თუ რა პირობებში და ვითარებაში ვსწავლობთ ენას.
საბოლოოდ კი,
ჩემი სოფლის, რეგიონის და პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ განათლების სამივე საფეხურზე არსებობს პრობლემები: პირველი საფეხური, საბავშვო ბაღები, ჩვენთან საერთოდ არ არსებობს; სკოლაში ვერ ვიგებთ, რას ვკითხულობთ და ვერ/არ გვასწავლიან ხარისხიანად. ეს კი პირდაპირ აისახება მესამე საფეხურზე − უმაღლეს განათლებაზე. პირველ კურსზე ერთი მასალის წასაკითხად მე უფრო მეტ დროს ვხარჯავდი, ვიდრე ეთნიკურად ქართველი სტუდენტი. ამ დროს უნდა წავიკითხო, გავიგო და მერე დავიზეპირო, რომ არ დამავიწყდეს.
ამ პრობლემების მოგვარებას სჭირდება დროული რეაგირება, ამისთვის უნდა აშენდეს საბავშვო ბაღები, ზოგადი განათლების სფეროში უნდა ჩატარდეს ახალი და ეფექტიანი რეფორმები, დისკრიმინაცია აღმოიფხვრას, ხარისხიანი განათლება ყველასთვის და ყველგან იყოს ხელმისაწვდომი, არ უნდა გვიწევდეს „ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში“ 2250 ლარის გადახდა, რადგან მანამდე უნდა გვქონდეს ენის ხარისხიანად სწავლის შესაძლებლობა სკოლებში.
ავტორი: ზიკო (ზიადინ) ჰუსეინლი, სამოქალაქო აქტივისტი
ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.