პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
განცხადება: სოლიდარობა გამბედავ საჯარო მოსამსახურეებს!
დეკემბერი 4, 2024

ჩვენი ქვეყანა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების შრომაზე დგას. მათი სახელები და სახეები შეიძლება ხშირად არ ჩანს, მაგრამ ვიცით, მათი საქმის მნიშვნელობა, რომელსაც ხშირად პირადი გამბედაობისა და პოლიტიკური გავლენების მუდმივი მოგერიების ხარჯზე აკეთებენ

მაშინ როდესაც პარლამენტში მილიონერები სხედან, მინისტრები და მათთან დაახლოებული პირები ქვეყნის რესურსებს ინაწილებენ, საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი, ხშირად არასათანადო ანაზღაურებით, პატიოსნად და კეთილსინდისიერად ემსახურება თავის ქვეყანასა და ხალხს.

დღეს პოლიტიკური რეჟიმის მთავარი სამიზნე სწორედ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მათი ძალაუფლება ირყევა მაშინ, როდესაც საჯარო მოსამსახურეები ხმამაღლა აჟღერებენ განსხვავებულ აზრს. ამიტომაც, მისი მიზანი მათი გაჩუმება, უკანდახევა და თუნდაც სამაგალითო დასჯაა, რომ წინააღმდეგობა შეუქცევადად არ გაგრძელდეს.

სოლიდარობას ვუცხადებთ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებმაც გამოხატეს გამბედაობა და დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია. გახსოვდეთ, არავის აქვს უფლება გაიძულოთ დაწეროთ განცხადება და დატოვოთ სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სამართლიანი პროტესტი სისტემის შიგნიდან ისმოდეს.

რეჟიმთან დაპირისპირებაში განუზომელი რესურსები არავის გვაქვს, თუმცა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, არავის დავტოვებთ მარტო სისტემასთან და ვიდგებით უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების გვერდით.

მასალა მოამზადეს