პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დაფარული პრობლემები ნინოწმინდაში
მარტი 12, 2024

საქართველო გამოირჩევა ეთნიკური ჯგუფების მრავალფეროვნებით. ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად რამდენიმე მუნიციპალიტეტში არიან დასახლებული (მათ შორის, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, მარნეული). ამ სტატიაში ვისაუბრებ ჩემს გამოცდილებაზე და ჩემ გარშემო მყოფი ხალხის მძიმე ყოფაზე ნინოწმინდაში.

შრომითი მიგრაცია და ქალთა შრომა

ერთ-ერთი მძიმე საკითხია ნინოწმინდიდან შრომითი მიგრაციაა. როგორც ვიცით, საქართველოში მაღალია უმუშევრობის დონე და ზუსტად ეს აიძულებს მოსახლეობას, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. ჩემი თემიდან ემიგრაციის მთავარი ადგილი რუსეთია. ნინოწმინდის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, სეზონურ შრომით მიგრაციაში ძირითადად კაცები მიდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები რჩებიან და ყველა საყოფაცხოვრებო ტვირთი, იქნება ეს საოჯახო თუ სამეურნეო საქმიანობა, რჩებათ ქალებს.

ნინოწმინდა და ახალქალაქი ცნობილია სოფლის მეურნეობით, კონკრეტულად კი მეკარტოფილეობით. სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების შრომა კი კოლოსალურია. თუმცა, სამწუხაროდ ეს საქმიანობა ბოლო წლებში აღარ არის შემოსავლიანი, რადგან დიდია ხარჯი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები კი იაფია. გლეხები ვეღარ უწევენ კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქტებს. ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში სათანადოდ არ აფასებენ გლეხის შრომას.

მოქალაქეობის დაკარგვა

შრომით მიგრაციაში წასვლა კიდევ ერთ პრობლემას − მოქალაქეობის საკითხს უკავშირდება. რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელად და ბარიერების დასაძლევად, მოსახლეობის ნაწილი იღებდა სხვა ქვეყნის, ძირითადად, სომხეთის მოქალაქეობასაც, რადგან სომხური პასპორტით უფრო ადვილია რუსეთის საზღვრის კვეთა. ამგვარად, ნინოწმინდის მოსახლეობა პარალელურად ორი ქვეყნის მოქალაქეობას ირჩევდა. თუმცა, ამან მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ნინოწმინდაში მცხოვრები ადამიანები, რადგან აღმოჩნდა, რომ მათ სომხეთის მოქალაქეობის მიღების გამო, დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, რომლის აღდგენაც არაერთ ბარიერთან არის დაკავშირებული. ამ ბარიერებს შორის არის სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. მამაჩემი იყო ერთ-ერთი, რომელმაც სწორედ ასე დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უმეტესწილად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, რომელთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი უფროსი თაობა, არ ფლობს სახელმწიფო ენას და სწორედ ამიტომ არაერთი ადამიანი ვერ ახერხებს დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა.

რა თქმა უნდა, ვეთანხმები მიდგომას, რომ მოქალაქე უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რა პირობებში უწევდა უფროს თაობას ცხოვრება, ენის შესწავლა და ქართული ენის გამოყენება. უფროსმა თაობამ განათლება მიიღო  საბჭოთა კავშირში, როცა არავინ ფიქრობდა ქართული ენის სწავლებაზე და ამის საჭიროება ნინოწმინდელებს არც ჰქონდათ.

ახლაც კი, როდესაც ქართული ენის სწავლების მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაინც არის სისტემური პრობლემები საგანმანათლებლო სფეროში და ის, რაც კეთდება, არ არის ეს საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად. წლების წინ კი უფროს თაობას საერთოდ არ ჰქონდა ქართული ენის სწავლის შესაძლებლობა და ახლა მათთვის გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაში თითქმის შეუძლებელია.

პრობლემები ჯანდაცვაში

ამავდროულად, არ უნდა გამოგვრჩეს ნინოწმინდელების წინაშე არსებული სხვა უმნიშვნელოვანესი პრობლემებიც. გამოვარჩევდი ჯანდაცვის მიმართულებას. კონკრეტულად, ჩემს მუნიციპალიტეტში  ძალიან დიდ გამოწვევებს ვხვდებით. სამედიცინო პუნქტების არარსებობა სოფლებში რთულ ვითარებაში აყენებს სოფლის მოსახლეობას, მითუმეტეს ზამთრის პერიოდში, ცუდ ამინდის პირობებში, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება ნინოწმინდამდე მიღწევა. ამ დროს ხალხი სამედიცინო დახმარების გარეშე რჩება.

მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა

ცენტრსა და სოფლებს შორის ტრანსპორტი თითქმის არ დადის, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია. ეს ძალიან რთულ ვითარებაში აყენებს ხალხს. ამ დროს არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი − ტაქსი. ტაქსი ძალიან ძვირი ღირს და ყველა ვერ ახერხებს გადახდას. ამიტომ აუცილებელია მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობა. მე თავად ვცხოვრობ ნინოწმინდის ერთ-ერთ სოფელში და ზუსტად ასეთ რეალობაში ვარ, სადაც სოფლიდან ქალაქამდე მიღწევა ძალიან ძნელია, როდესაც საკუთარი მანქანა არ გყავს.

გამოსავალი

ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ნინოწმინდა, ვერ გადაიჭრება ერთ დღეში, თუმცა, მათ მოსაგვარებლად აუცილებელია მუდმივი მუშაობა. ასევე ის, რომ ხელისუფლებამ დაინახოს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და სურვილი ჰქონდეს, მოაგვაროს ისინი, იქნება ეს სახელმწიფო ენის საკითხი, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, პრობლემები ჯანდაცვის მიმართულებით თუ დაკარგული მოქალაქეობის აღდგენა.

ენასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ სკოლებში მეტად დაინერგოს ბილინგვური სწავლება და მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა. სრულფასოვნად ფლობდნენ სახელმწიფო ენას, რაც შემდგომ დაეხმარება მათ სწავლასა და სოციალურ ინტეგრაციაში.

ასევე, აუცილებელია ხელისუფლებამ დაინახოს „მოქალაქეობის დაკარგვის“ პრობლემური საკითხები და იფიქროს მის მოგვარებაზე.  ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ განისაზღვროს კონკრეტული ასაკი, რომლის ზემოთაც ადამიანებს მოქალაქეობა აღუდგებათ ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე ან/და  მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა არჩევანი გააკეთონ, რომელი ქვეყნის მოქალაქეობის დატოვება სურთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არც კი იცოდნენ, რომ ორმაგი მოქალაქეობის აღება ავტომატურად იწვევდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

დაბოლოს, აუცილებელია,  უფრო ხმამაღლა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან, რომ მან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოს მოსახლეობა.


ავტორი: ვარდუჰი ჰოვსეფიან, სტუდენტი; სამოქალაქო აქტივისტი

ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზითფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს. 

მასალა მოამზადეს